თეგებით ძიება
23. 02. 2025 ბიზნესი

ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზეა

საქართველოს ეროვნულო ბანკის ინფორმაციით, 2023 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 4.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,124 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზეა, ანუ მხოლოდ 9 ქვეყანას ჩამორჩება. 2022 წელს საქართველო რეიტინგში მე-9 ადგილზე იყო.

2023 წელს მიღებულ 4.1 მილიარდ დოლარში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მცხოვრები რუსი ემიგრანტებისთვის გადმორიცხული თანხაც შედის. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 226 მლნ დოლარით (5%-ით) შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ 2022 წელს რუსეთიდან 2.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2023 წელს 1.5 მილიარდი.

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 1.5 მილიარდი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. 523 მლნ დოლარი გადმოირიცხა იტალიიდან, 460 მლნ დოლარი აშშ-დან, 245 მლნ დოლარი საბერძნეთიდან და 232 მლნ დოლარი გერმანიიდან.

2024 წელს საქართველოში 3.4 მილიარდი გადმოირიცხა. 2023 წელთან შედარებით 780 მლნ დოლარით შემცირდა. კლება ისევ რუსეთისგან გზავნილების შემცირებამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში 2024 წლის სტატისტიკაც ცნობილია, მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ქვეყნები, რომლებიც ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი ფულად გზავნილებს იღებენ

2023 წელს ფულადი გზავნილებით ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ლუქსემბურგმა მიიღო. ლუქსემბურგმა სულ 2.4 მილიარდი დოლარი მიიღო, მაგრამ რადგან მისი მოსახლეობა მხოლოდ 660 ათასს ადამიანს შეადგენს, ერთ მოსახლეზე ფულადი გზავნილები 3,671 დოლარი გამოდის.

მეორე ადგილზე ასევე პატარა ქვეყანა ტონგაა, რომელმაც 254 მლნ დოლარის გზავნილები მიიღო. ტონგაში 105 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ერთ ადამიანზე 2,431 დოლარის გზავნილი მოდის. მესამე და მეოთხე ადგილზე ხორვატია და მონტენეგრო არიან.

სადაც საქართველოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე მეტ გზავნილებს იღებენ, ასეთი მხოლოდ 4 ქვეყანაა: ხორვატია, სალვადორი, ბელგია და ლიბანი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთია ყველაზე მეტად ფულად გზავნილებზე დამოკიდებული. 2023 წელს 1.5 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო და ერთ მოსახლეზე გზავნილებით მსოფლიოში 35-ე ადგილზეა 485 დოლარით. აზერბაიჯანი 78-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 188 აშშ დოლარის გზავნილით. რუსეთი 155-ე ადგილზეა ერთ მოსახლეზე 18 დოლარით და თურქეთი 162-ე ადგილზეა 12 დოლარით. 2023 წელს რუსეთმა სულ 2.5 მილიარდი დოლარის, ხოლო თურქეთმა 1 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო.

მსოფლიოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ერთ მოსახლეზე ყველაზე მცირე ანგოლაშია – 0.30 დოლარი. შემდეგ მოდის პაპუა ახალი გვინეა 1 დოლარით და ბრუნეი 2 დოლარით.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა