თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა
2025 წლის იანვარში თიბისის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 20%-ით გაიზარდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდის ტემპმა 12% შეადგინა.
თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის იანვარში, საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებმა გასულ წელთან შედარებით ხარჯვა გაზარდეს, იმავე შეიძლება ითქვას გადახდის რაოდენობაზეც.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტების წილი 86%-ია, ხოლო არარეზიდენტების წილი - 14%.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათზე იხარჯება.
„2025 წლის იანვარში, თიბისის არხებით რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 14% შეადგინა, ხოლო სურსათზე დანახარჯების წილი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორიას ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, 28%-ზე შენარჩუნდა.
ამავე პერიოდში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის ზომამ 17 ლარი შეადგინა. 2025 წლის პირველ თვეში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3% იყო“,კ - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ უნაღდო დანახარჯების დინამიკა საწვავზე კვლავ მზარდია და იანვარში თიბისის არხებით, წლიურად 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 51 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, თიბისის არხებით, მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 51 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, უნაღდო დანახარჯები თიბისის არხებით, იანვარში ფარმაციაზე წლიურად 28%-ით გაიზარდა. ელექტრონიკაზე - 13%-ით გაიზარდა; ავეჯსა და მოწყობილობებზე - 12%-ით, ხოლო სამშენებლო მასალებზე 37%-ით.