რა უნდა იცოდეთ, რათა სამშენებლო კომპანიამ არ მოგატყუოთ!
საქართველოში ახალი ან მშენებარე ბინის რეგისტრაცია აუცილებელი პროცედურაა, რათა უძრავი ქონება ოფიციალურად გაფორმდეს მესაკუთრის სახელზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქე ყიდულობს ბინას მშენებარე კორპუსში, ხოლო სამშენებლო კომპანია მათ უცხადებს, რომ ვერ დაარეგისტრირებს საჯარო რეესტრში მშენებლობის გარკვეულ ეტაპამდე.
ექსპერტები ამას მავნე პრაქტიკას უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია საჯარო რეესტრში შესაბამისი პროცედურების გავლა. სამშენებლო კომპანიები ვალდებულები არიან დაიცვან კანონმდებლობა. მშენებარე ბინის რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ისე განშლის გაკეთებამდეც კი. მოქალაქემ უნდა დადოს წინარე ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მიწის რეგისტრაცია ხდება (სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს). განშლის შემდეგ ხდება საკადასტრო კოდების მიღება და ბინის რეგისტრაცია კონკრეტულ მესაკუთრეზე.
საკუთრების რეგისტრაცია ხდება იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის სააგენტოს მეშვეობით. რეგისტრაციის შემდეგ, მესაკუთრე იღებს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მის უფლებას საკუთრებაზე.