დღგ - 1.26 მილიარდი ლარი - რამდენი მილიარდი ლარის გადასახადი აკრიფა მთავრობამ იანვარ-თებერვალში?
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ დღეს 2025 წლის იანვარ-თებერვლის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 3.46 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს თანხა მთლიანად 3 თვის საგადასახადო გეგმის შესრულების 65%-ია. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიღებული საგადასახადო შემოსავლები 437 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად მთლიანობაში ბიუჯეტში იანვარ-თებერვალში 3.9 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა.
ცენტრალური ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება იანვარ-თებერვალში ასე ნაწილდება:
- დღგ - 1.26 მილიარდი ლარი, კვარტალის გეგმის 67%;
- საშემოსავლო გადასახადი - 1.26 მილიარდი ლარი, კვარტალის გეგმის 68%;
- მოგების გადასახადი - 398 მილიონი ლარი, კვარტალის გეგმის 47%;
- აქციზის გადასახადი - 258 მილიონი ლარი, კვარტალის გეგმის 46%;
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა კომპონენტებს, პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 17.4 მილიონი ლარი შევიდა, რაც კვარტალის გეგმის 25%-ია; იმპორტის გადასახადის მობილიზებამ კი 19.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც კვარტალის გეგმის 55.8%-ია.