თეგებით ძიება

საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ და მათი აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება

თბილისში, საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ და ყოველდღიურად მათი აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება. ამისთვის კი, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო საჯარო ბაღებში დაშვების ელექტრონული სისტემის დამონტაჟებას აპირებს. უწყებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებისთვის დაშვების ელექტრონული სისტემას თანმდევი სამონტაჟო სამუშაოებით ყიდულობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.1 მლნ ლარია.

დროის აღრიცხვის სისტემა თბილისის საჯარო ბაღებში განთავსდება. ელექტრონული სისტემით ბაღების თანამშრომლების აღრიცხვაც იგეგმება.

"ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც", - განუცხადეს bm.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

ტენდერით გათვალისწინებულია ბარათების ნომრის 300 კომბინირებული წამკითხველ/კონტროლერის და 70 000 წამკითხველის შესაბამისი პლასტიკური ბარათის შესყიდვა.

სისტემის მიწოდება/მონტაჟი/ინსტალაცია უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 01 დეკემბრისა.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში საჯარო ბაღებში სულ 60 000-მდე აღსაზრდელია. თანამშრომლების რაოდენობა კი დაახლოებით 13 000.

ცნობისთვის, აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ელექტრონული აღრიცხვის სისტემის ამოქმედება ჯერ კიდევ 2018 წელს იგეგმებოდა. თუმცა მაშინ ეს გეგმა ვერ შესრულდა. შესაბამისად, ამ დრომდე თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების ყოველდღიური აღრიცხვა თავად პედაგოგების მიერ მანუალურად ხდება.

წყარო: bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა