თეგებით ძიება

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია, ევროპის საბჭომ ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა - ადვოკატთა ასოციაცია

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია! ევროპის საბჭომ ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა!, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ მტკიცედ უჭერს მხარს ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მიღებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც აღნიშნულ კონვენციას ხელს მოაწერს და მოახდენს მის რატიფიცირებას.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა. შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭომ ადვოკატთა საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების ფონზე მიიღო, კერძოდ, როგორებიცაა შევიწროება, მუქარა, ფიზიკური თავდასხმა თუ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ჩარევა და სხვა.

კონვენცია ვრცელდება, როგორც ადვოკატებზე, ასევე, მათ პროფესიულ გაერთიანებებზე, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ ადვოკატთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.

კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, შევიწროების, დაშინების ან პროფესიულ საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარეშე.

ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და გაძლიერების გზით ხელს უწყობს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და ადვოკატთა როლის აღიარებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, კონვენცია ადგენს მონიტორინგის ეფექტიან მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მის აღსრულებას, გააანალიზებს კონვენციის დარღვევებს, შეისწავლის ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების შემთხვევებს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მივესალმებით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მიღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც აღნიშნულ კონვენციას ხელს მოაწერს და მოახდენს მის რატიფიცირებას.

თითოეულ ქართველ ადვოკატს ვულოცავთ ამ ისტორიულ მოვლენას!”, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა