თეგებით ძიება

წყლის, გაზის და დენის დატაცებაზე ჯარიმის წესი იცვლება

ელექტროენერგიის, გაზის და წყლის დატაცებაზე ჯარიმების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონით ცვლილებები აპრილიდან ამოქმედდება.

კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან გაზის და ელექტროენერგიის დატაცება ან მისი აღრიცხვის გარეშე მოხმარება ჯარიმას ექვემდებარება. თუმცა ჯარიმა მხოლოდ ფაქტის განმეორების შემთხვევაში იქნება. აქამდე მოქმედი წესით ფიზიკური პირი 100 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით.

ცვლილების შემდეგ, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის ისევ 100 ლარი იქნება, თუმცა იურიდიული პირებისთვის ჯარიმის დიფერენცირება მოხდა. კერძოდ, იურიდიული პირისა და დაწესებულებისთვის, რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან, ჯარიმა 1 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულებისთვის, რომელიც დღგ-ის გადამხდელებად არის რეგისტრირებული, ჯარიმა 15 000 ლარი იქნება.

იგივე წესი გავრცელდება წყლის დატაცების შემთხვევაზეც. კერძოდ, წყლის დატაცების განმეორებითი შემთხვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმისა) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად რეგისტრირებული არ არიან) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირისა და დაწესებულების (რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან რეგისტრირებული) დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. აქამდე მოქმედი წესით იურიდიული პირი და დაწესებულება 15 000 ლარით ჯარიმდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა