უბილეთო მგზავრობისთვის წელს 58.4%-ით ნაკლები ჯარიმა დაიწერა
წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 227 472 ლარი შეადგინა, რაც 58.4%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში აღნიშნულისთვის 547 100 ლარის ჯარიმა დაიწერა.
ამასთან, წელს 2 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში 43 505 531 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 61 008 281ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.