უცხოელები სასტუმროებში 2-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები - TBC Capital
მიმდინარე წლის თებერვალში მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
ანგარიშის თანახმად, დასვენების სექტორში, უფრო კონკრეტულად სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული.
„სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით ორჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს. რაც შეეხება რესტორნებს, უნაღდო დანახარჯები მიმდინარე წლის თებერვალში 36%-ით გაიზარდა წლიურად. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2025 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 48%-იანი, ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია“, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც „თიბისი ბანკის“ არხების მონაცემებს ეფუძნება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი