სტამბოლის მერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების გამო უფლებამოსილება შეუჩერა.
ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება, მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს იმამოღლუს შემცვლელის არჩევისთვის, თუ ის პატიმრობაში დარჩება.
ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ეს იწვევს მთავრობის მიერ ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნას მუნიციპალიტეტის სამართავად. როდესაც დაპატიმრება სხვა ბრალდებით ხდება, შემცვლელს, ჩვეულებრივ, ირჩევენ მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობიდან და იმავე პოლიტიკური პარტიიდან შიდა კენჭისყრის გზით.
თუმცა, თურქი ექსპერტები ამბობენ, რომ ტერორიზმის ბრალდებით გამოძიებამ, დაპატიმრების გარეშეც კი, შესაძლოა გაამართლოს ანკარას გადაწყვეტილება ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნის შესახებ.
იმამოღლუსთან ერთად, სტამბოლის სასამართლომ დააპატიმრა მისი თანაშემწე, მურათ ონგუნი და იმამოღლუს ოჯახის სამშენებლო კომპანიის დირექტორი, თუნჯაი ილმაზი. სულ დაპატიმრებულია 22 ეჭვმიტანილი.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობა არ დახარჯავს დროს ოპოზიციის „შოუზე“.
თავის მხრივ, იმამოღლუ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.