Coca-Cola-მ წყალბადზე მომუშავე გასაყიდი აპარატი შექმნა
გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა The Coca-Cola Company-მ აპარატულ უზრუნველყოფაზე იმუშავა და ისეთი გასაყიდი აგრეგატი, ე.წ. “ვენდინგ აპარატი” შექმნა, რომელიც მუშაობს არა დენზე, არამედ - წყალბადზე. იაპონურ Fuji Electric-თან კოლაბორაციით შექმნილი აპარატის დებიუტი იაპონიის ქალაქ ოსაკაში გასამართ World Expo 2025-ზე შედგება.
Coca-Cola-ს ახალი აპარატი დაახლოებით ისევე ფუნქციონირებს, როგორც წყალბადზე მომუშავე სხვა აგრეგატები, მათ შორის ავტომობილი, გემი ან თვითმფრინავი, მაგრამ მასშტაბი, ცხადია, განსხვავებულია. როგორც ირკვევა, აპარატში არსებულ გენერატორში წყალბადით აღვსილი კარტრიჯი იდება, რის შემდეგაც წყალბადის და ჟანგბადის რეაქციით ელექტროენერგია იქმნება, რომელიც ბატარეაში ინახება და აპარატს შესაბამისი ენერგიით ამარაგებს. გამომდინარე იქიდან, რომ წყალბადის კარტრიჯი, ისევე, როგორც გენერატორი უშუალოდ მოწყობილობაში არის დამონტაჟებული, თავად ვენდინგ აპარატი დიდი ზომისაა.
როგორც Coca-Cola-ში ამბობენ, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კომპანია ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს. გამაგრილებელი სასმელების გაყიდვების პროცესში წყალბადის ინტეგრირებით ამერიკულ კომპანიას ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება სურს, რათა Coca-Cola-მ 2050 წლისთვის დასახული გეგმა შეასრულოს და სრულად ნახშირბადნეიტრალური კომპანია გახდეს. ოსაკაში გასამართ გამოფენაზე კომპანია 58 აპარატით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით სხვადასხვა ადგილებში გამოჩნდება.
წყარო: bm.ge