„უხამსი წინადადება“ ქართულად - როგორ ააშენებინა ქართველმა ქალმა გერმანელ გრაფს თბილისის ცენტრში სასახლე?
გახსოვთ, ედრიან ლაინის ფილმი „უხამსი წინადადება“, რომელშიც მთავარ როლებს დემი მური და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ? ახალდაქორწინებულ წყვილს, რომელიც დიდი ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მილიონი დოლარის შოვნის შანსი გაუჩნდა - გოგონას სილამაზით მოხიბლული მილიონერი მზად არის, მასთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ, მილიონი გადაიხადოს. დაახლოებით, მსგავსი ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოში რეალურად მომხდარა.
გადმოცემის თანახმად, საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულმა გერმანელმა გრაფმა მდიდრებისთვის გამართულ საღამოზე ქართველი თავადის ტარიელ დადიანის ცოლს მოჰკრა თვალი და მოსვენება დაკარგა.
ამბობენ, რომ აგრაფინას მიმართ კონსტანტინე ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულმა თავადმა დადიანმა ხმალს ივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს - ძვირად დაგიჯდებაო.
აგრაფინა ჯაფარიძის მშვენიერებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შემქმნელმა მიხაი ზიჩმა ის ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად გამოიყენა.
ამბობენ, პრინცმა ოლდენბურგმა დადიანს მის მშვენიერ მეუღლესთან ერთი ღამის გატარებაში მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა. დადიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და, პრინცის დუელში გამოწვევის ან ახანჯვლის ნაცვლად, თანხმობა განაცხადა.
დადიანის ცოლის „მისაღებად“ მისული პრინცისთვის აგრაფინას უთქვამს, ფული ჩემს ქმარს გადაუხადე და მას მიაკითხეო.
პრინცი დაინტერესდა, რა უნდა გაეკეთებინა ქალის გულის მოსაგებად. ჯაფარიძის ქალმა გერმანელს თბილისის ცენტრში სასახლის აშენება მოსთხოვა. აგრაფინას სასახლე, რომელშიც ამჟამად ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი მდებარეობს, ექვს თვეში აუშენებიათ.
მნახველის გაოცებას იწვევდა მთავარ დარბაზში დაგებული ბროლის იატაკი, რომელიც, განათებასთან ერთად, წყლის ეფექტს ქმნიდა. როგორც ჩანს, გერმანელს აგრაფინას დაყოლიება აღარ გასჭირვებია, რადგან იგი 1882 წელს ცოლად მოიყვანა.
არსებობს ამ ისტორიის მეორე, ნაკლებად რომანტიკული ვერსია, რომლის თანახმადაც, ტარიელ დადიანმა მშვენიერი მეუღლე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა, ოლდენბურგთან ბანქოსა თუ ნარდში წააგო. ამბობენ, მთელი თბილისი ხუმრობდა „ტარიელმა პრინცს მისცაო აგრაფინა კისკისაო“. თუმცა, პრინცისთვის მოვლენები არასახუმაროდ განვითარდა - ამ ქორწინებით, ნიკოლოზ II-ისა და რუსეთის საიმპერატორო კარის გარდა, უკმაყოფილო დარჩა პრინცის ჰერცოგი მამა და ოლდენბურგმა მემკვიდრეობაც დაკარგა.
ვინ იყო გერმანელი პრინცი და როგორ მოხვდა საქართველოში?
ცნობილია, რომ კონსტანტინე ოლდენბურგი იმპერატორ ალექსანდრე I-ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი გახლდათ. ის მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომში და მოგვიანებით გენერლის ჩინიც მიიღო. ოლდენბურგთა სახელოვანი გვარის ჩამომავალი და რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი დარდიმანდი, ხელგაშლილი და თავზეხელაღებული კაცი აღმოჩნდა. სწორედ ამ თვისებების გამო ის იმპერიის დედაქალაქს მოაცილეს და კავკასიაში გამოაგზავნეს.
რაც შეეხება აგრაფინა ჯაფარიძის გაცნობასა და მასთან სასიყვარულო ურთიერთობას, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიას მონაყოლიდან ირკვევა, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა რომელია ნამდვილი და რომელი ტყუილი, არავინ იცის:
„1885 წელს საქართველოში უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი ჩამოვიდა, რომელიც „ვეფხისტყაოსნისთვის“ ცოცხალ სურათებს ხატავდა. მხატვარი მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის გარეგნობით და „ვეფხისტყაოსნის” ცოცხალ სურათებში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება შესთავაზა.
ერთი ვარიანტის მიხედვით, აგრაფინამ ნესტან-დარეჯანის როლი შეასრულა, ხოლო მეორე ვარიანტით – თამარ მეფის როლი. თბილისში დაიწყეს აგრაფინა ჯაფარიძის სურათების ხატვა. ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც თბილისური ინტელიგენცია ესწრებოდა.
ამ სანახაობას, პრინც ნიკო დადიანთან ერთად, გრაფი ოლდენბურგი ესტუმრა.
გერმანელი აგრაფინას მშვენებით ისე მოიხიბლა, რომ ვერაფრით შეძლო მისი დავიწყება.
ერთი ვერსიით, პრინცმა მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა აგრაფინა ჯაფარიძის მეუღლეს ტარიელ დადიანს, რომ მისთვის ერთი ღამით დაეთმო მეუღლე.
მეორე ვერსიის თანახმად კი, ოლდენბურგმა ტარიელ დადიანს აგრაფინასთან ერთი ღამის გატარება ნარდში მოუგო.
მოკლედ, დადასტურებით თქმა, დადიანმა ცოლი ნარდში წააგო თუ ნებით დათმო, ძნელია, მაგრამ აგრაფინა ჯაფარიძე კონსტანტინე ოლდენბურგის კუთვნილება გახდა.
ამბობენ, რომ თავად აგრაფინა ძალიან გაბრაზებულა ამ ფაქტის გამო. მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა მიამბო, რომ ტარიელ დადიანმა დაუჩოქა და პატიება სთხოვა, აგრაფინამ კი საპასუხოდ ოქროს გულსაკიდი, რომელშიც ტარიელის პორტრეტი იდო, მოიგლიჯა და ფეხებთან დაუგდო. აგრაფინამ უარი თქვა პრინცთან შეხვედრაზე და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სასახლის მშენებლობა არ დასრულდა“.