თეგებით ძიება
25. 03. 2025 ბიზნესი

როცა წერენ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულების პარტნიორი ინდოეთია, ჩამოსულ სტუმრებს ნუ ადეპორტებენ - შალვა ალავერდაშვილი

 

 

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქვეყანა მოუმზადებელია უმასპინძლოს ტურისტებს ინდოეთიდან და ჩინეთიდან. მისი განცხადებით, წელს ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ მიმართულებებს შორის ეს ორი ქვეყანა დასახელდა, თუმცა სახელმწიფოს მათ სწორად დასახვედრად არაფერი გაუკეთებია. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ აეროპორტებიდან ინდოელ ვიზიან ტურისტებს ქვეყანაში არ უშვებენ და მიზეზსაც არ უხსნიან. მისივე რწმუნებით, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს, რის გამოც არც პოლიციამ, არც სასაზღვრომ და არც საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ იცის, რომ ინდოელ და ჩინელ ტურისტებს პატივისცემით უნდა დავხვდეთ, რადგან ისინი ტურიზმის სექტორში წელს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. შალვა ალავერდაშვილი აღნიშნულის მიზეზად არაპროფესიონალიზმს ასახელებს და აცხადებს, რომ ეს სისტემური ჩავარდნის მაგალითია.

 

,,ახალ მიმართულებაში რაც წარმოგვიდგინეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ინდოეთი და ჩინეთი. ინდოეთთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ამაში დასაძრახი არაფერია. ჩვენ ხომ გვიწერია, რომ ინდოეთია ჩვენი ახალი სტრატეგიული მიმართულება. ეს არ იცი მესაზღვრემ და შსს-მ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისად ყოველდღე ადეპორტებენ ტურისტებს. ვიზიანი ტურისტების უკან გაშვება ყოველდღიურად ხდება. იქნებ ერთმანეთში კომუნიკაცია ჰქონდეთ და სტრატეგიას როცა ამუშავებენ წლის მიხედვით და წერენ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულების პარტნიორი წელს არის ინდოეთი, ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ნუ ადეპორტებს სასაზღვრო. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ და დავიფიცო, რომ არც ერთმა მესაზღვრემ და არც ერთმა პოლიციელმა არ იცის, რომ ინდოეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა ტურიზმის მიმართულებით. არც არავის უთქვამთ მაგათთვის. შესაბამისად, არანაირი კავშირი, კოორდინაცია ერთმანეთში სტრუქტურებს შორის არ არსებობს. ეს არის ჩვენი  უბედურება, რომ ის თავისთვის არის და ის თავისთვის. რომელიმე მესაზღვრე გააჩერეთ და ჰკითხეთ: იცით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ტურიზმში ახლა ინდოეთია? და ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. რომელიმე მესაზღვრემ იცის ეს? არ იცის არცერთმა და არც არავის არ უთქვამს მათთვის ეს. რადგან არანაირი ურთიერთკავშირი სტრუქტურებს ერთმანეთთან არ აქვთ. ეს არის არაპროფესიონალიზმი და სისტემური ჩავარდნა, როცა ორი და სამი სტრუქტურა ერთმანეთს არ ელაპარაკება და ყველა თავისთვის ბედნიერია. ეს არის სისტემური ჩავარდნა.’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა