თეგებით ძიება
25. 03. 2025 მსოფლიო

24 მარტის საფონდო ბაზარზე Tesla-ს აქციებმა თითქმის, 11%-ით მოიმატა

24 მარტის საფონდო ბაზარზე Tesla-ს აქციებმა თითქმის, 11%-ით მოიმატა, რაც კომპანიისთვის 6 ნოემბრის ანუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ საუკეთესო დღე იყო. ამის შესახებ Forbes წერს.

ბოლო ორთვიანი არასტაბილურობის შემდეგ საფონდო ბირჟამ მოიმატა ინვესტორების პოზიტიური განწყობების გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფები არ აღმოჩნდება ისეთი საშიში, როგორადაც თავდაპირველად მიიჩნევდნენ. ცნობისთვის, პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ საპასუხო ტარიფების ეკონომიკური პოლიტიკა „მოქნილი” იქნება.

24 მარტს Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 95 მლრდ დოლარით მოიმატა, რაც Ford-ის მთლიან შეფასებაზე ორჯერ მეტია. Forbes-ის მიხედვით, Tesla-ს აქციების ზრდის შედეგად ილონ მასკი, დაახლოებით, 16,5 მლრდ დოლარით გამდიდრდა და მისი სუფთა ქონება 351 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა ეს ოდენობა დეკემბრის პიკზე ჯერ კიდევ 110 მლრდ დოლარით ნაკლებია.

24 მარტს S&P 500-ი 1.8%-ით გაიზარდა და 7 მარტის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. აშშ-ის საფონდო ინდექსი, 6-თვიან შიდადღიურ მინიმუმთან შედარებით, რომელიც 13 მარტს დაფიქსირდა, 4%-ით გაიზარდა. თუმცა ის თებერვალში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმზე 6%-ით დაბალი რჩება.

Dow Jones Industrial Average-ი 1.4%-ით, ანუ 590 პუნქტზე მეტად გაიზარდა, ხოლო ტექნოლოგიურმა Nasdaq-მა 2.3%-ით მოიმატა. ორივე ინდექსმა ორი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

24 მარტის „ნახტომის” დროს ყველაზე შესამჩნევი ზრდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების „დიდმა შვიდეულმა,” Alphabet-მა, Amazon-მა, Apple-მა, Meta-მა, Microsoft-მა, Nvidia-მ და Tesla-მ დააფიქსირეს. მათგან დღის ლიდერი Tesla გახდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა