თეგებით ძიება

ბულგარეთში იაფი პროდუქტების სახელმწიფო სუპერმარკეტები გაიხსნება

ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მაღაზიების სახელმწიფო ქსელის შექმნას, რომელიც სასურსათო პროდუქტებს კონტროლირებად ფასებში და შეზღუდული ფასნამატით გაყიდის.

ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება კომერციული სუპერმარკეტების ქსელებისადმი გამოცხადებული საერთო ეროვნული ბოიკოტის ორი ტალღის საპასუხოდ იქნა მიღებული. კერძოდ, ბულგარელი მომხმარებლები სუპერმარკეტებს პროდუქტებზე ფასების მიზანმიმართულ გაზრდაში ადანაშაულებენ. ბულგარელები ჩივიან, რომ სუპერმარკეტები ფასებს მხოლოდ საქონლის ვიწრო ასორტიმენტზე, კერძოდ, 15-20 პუნქტზე ამცირებენ, ხოლო დანარჩენ პროდუქციას ზედმეტად მაღალ ფასებს ადებენ.

მომხმარებლების განცხადებით, ბოიკოტის ორი ტალღის მიზანი ქსელების საფასო პოლიტიკაზე ზეგავლენაა. მათ, ასევე, პოლიტიკური მოთხოვნა წამოაყენეს, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასნამატი კანონით 30%-მდე შეიზღუდოს.

მომხმარებელთა პროტესტმა სუპერმარკეტების შემოსავალს “დაარტყა.” კერძოდ, ბოიკოტის პირველმა ტალღამ, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გამოცხადდა, ქსელების ყოველდღიური შემოსავალი 20%-ით, მეორე ტალღამ კი 30%-ით შეამცირა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება 5 მლნ ევროს კაპიტალის სავაჭრო კომპანია, რომელსაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო გააკონტროლებს. მაღაზიები პატარა დასახლებების სახელმწიფო ფოსტის შენობებში გაიხსნება, სადაც მოხუცები პენსიას იღებენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მაღაზიების გახსნის იდეა საპარლამენტო ჯგუფმა, “მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის - ახალმა დასაწყისმა” წამოაყენა, რომლის ლიდერიც ბულგარეთის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, დელიან პეევსკია. ის კორუფციის გამო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს ექვემდებარება, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა