ვილნიუსის უნივერსიტეტიდან ათი სტუდენტი ხელოვნური ინტელექტის არასათანადო გამოყენების გამო გაირიცხა
ვილნიუსის უნივერსიტეტიდან ათი სტუდენტი ხელოვნური ინტელექტის არასათანადო გამოყენების გამო გაირიცხა. სხვა უნივერსიტეტებიც ამავე პრობლლემის წინაშე დგანან.
„ზოგიერთი ლექტორი ამბობს, რომ სტუდენტების ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს არაკეთილსინდისიერად იყენებს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც - მათ საბოლოო შეფასებაში ნიშანი „N“ მიიღეს, რაც აკადემიურ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს“, - აცხადებს ვილნიუსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასწავლო დირექტორატის ხელმძღვანელი, ნორა სკაბურსკიენე.
მისივე ინფორმაციით, სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს, ყველაზე ხშირად, წერითი დავალებების შესრულებისას და წყაროების მოძიებისთვის იყენებენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ლექტორებს, გადახედონ როგორც დავალებებს, ისე შეფასების კრიტერიუმებს, რადგან საბოლოო ჯამში, სწორედ დავალებები განსაზღვრავს, თუ რამდენად ავლენს სტუდენტი საკუთარ აზროვნებასა და გააჩნია კრიტიკული მსჯელობის უნარი“, - - აღნიშნა სკაბურსკიენემ.
სტუდენტური კავშირის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ როდესაც სტუდენტები ხელოვნურ ინტელექტს ბოროტად იყენებენ, კარგად ესმით მისი თანმდევი შედეგები.
„ხელოვნური ინტელექტი ბევრ შეცდომას უშვებს და ამას ბევრი სტუდენტი აცნობიერებს. ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი ციტირება არ შეუძლია და წყაროების მითითებისას შეცდომებს უშვებს“, - განაცხადა სტუდენტური კავშირის წარმომადგენელმა გაბია იუზენაიტემ ((Gabija Juzėnaitė).
სხვა სტუდენტები აღიარებენ, რომ ასეთი თაღლითობით ცოდნას ვერ იძენენ.
„ზოგიერთი უნარი, რომელიც ბუნებრივად უნდა განვითარდეს, უბრალოდ, აღარ ყალიბდება. ეს ქმნის ხარვეზებს ცოდნაში“, - ამბობს სტუდენტი, ნიკოდემას გირჩისი.
უნივერსიტეტები აღიარებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის თვალის დევნება კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან პლაგიატის აღმოჩენის ინსტრუმენტები არასაიმედოა. ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის არასათანადო გამოყენებას, ძირითადად, ის გამოცდილი პედაგოგები ამჩნევენ, რომლებიც კარგად იცნობენ თავიანთ საგანს.