თეგებით ძიება
25. 03. 2025 ბიზნესი

როგორ ითვლება საშუალო და მედიანური ხელფასები?

2024 წელს საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა მაქსიმუმ 2059 ლარს მიაღწია. მაჩვენებელი მუდმივად მზარდია და 2024-ში წლიური ზრდა 292 ლარი იყო. სტატისტიკური მინიმალური ხელფასი დარიცხულ ხელფასს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ანაზღაურებას ნიშნავს და შესაბამისად 20% აკლდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს წლებია კვარტალის ჭრილში ითვლის. რამდენად ასახავს მაჩვენებელი რეალობას - ამაზე ეკონომისტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და ნაწილი პრიორიტეტს მედიანურ მაჩვენებელს ანიჭებს, რომლის განსაზღვრაც საქსტატმა 2020 წლიდან დაიწყო. მედიანურ და საშუალო ხელფასის მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

2024 წლის მედიანური ხელფასის ზუსტ მონაცემს საქსტატი ოქტომბერში გამოაქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2023 წლის მონაცემებში საშუალო ხელფასი თუ 1767 ლარი იყო, მედიანური ხელფასის მაჩვენებელი 30%-ით ნაკლები 1238 ლარია. სხვაობის მიზეზი დათვლის მეთოდოლოგიაშია.

“გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოების მხრიდან ხელფასის საშუალო მაჩვენებელთან დაკავშირებით არსებობდა და არსებობს მაღალი ინტერესი, უკვე რამდენიმე წელია ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაყრდნობით მომხმარებელს შევთავაზეთ კიდევ დამატებითი საანალიზო მაჩვენებელი, მედიანური ხელფასი. არის საზოგადოებაში მოსაზრება საშუალო ხელფასი თუ მედიანა. ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე მაჩვენებელს თავისი დანიშნულება აქვს. ისინი არათუ ანაცვლებენ არამედ ავებენ ერთმანეთს. ორივე მათგანი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება", - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

განსხვავება მეთოდებს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და დიდია ალბათობა მედიანური ხელფასის გამოთვლისას მიღებული შედეგთან სხვაობა იყოს. მედიანური დაანგარიშების დროს უკიდურესი წევრები ანუ ყველაზე მაღალი ხელფასისა და დაბალი ხელფასი მქონე პირები გამოირიცხება.

“საშუალო ხელფასსა და მედიანას შორის სხვადასხვა წელს განსხვავება საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. მაგალითად 2023 წლის მონაცემებით საშუალო ხელფასი დაახლოებით 1765 ლარია, მაშინ როცა მედიანა დაახლოებით 1240 ლარამდე იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას რამდენიმე ინდივიდს ჰქონდა ძალიან მაღალი ხელფასი, რაც მედიანამ გაანგარიშების დროს უგულებელყო", - გვეუბნება თოდრაძე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი დავით კეშელავა ამბობს, რომ საშუალო ხელფასის შემთხვევაში გასათვალისწინებელია რომ სტატისტიკური რიცხვი მოიცავს დაქირავებით დასაქმებულთა გადასახადებს და ამავე დროს არ მოიცავს თვითდასაქმებულების შემოსავალს.

“შესაძლებელია დიდი უთანასწორობის ხარჯზე იყოს საშუალო მაჩვენებელი მაღალი. მაგალითად შეიძლება ბევრი ადამიანი გვყავდეს ძალიან დაბალი ანაზღაურებით და რამდენიმე ადამიანს იმდენად მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს რომ საშუალო მაჩვენებელში ჩანდეს, რომ ანაზღაურება მაღალია. ამიტომ მხოლოდ საშუალოზე დაყრდნობით არ უნდა გამოვიტანოთ ხოლმე დასკვნები", - ამბობს კეშელავა.

დასახელებული არგუმენტებით ISET-ის ეკონომისტი ანალიზისას საშუალოსთან ერთად მედიანური ხელფასის მონაცემის გათვალისწინების საჭიროებაზე მიუთითებს.

“თუ მედიანური ანაზღაურება საქართველოში საშუალოზე დაბალია ეს განაწილების უთანასწორობაზე გვაწვდის ინფორმაციას. ე.ი საქართველოში შედარებით ცოტა ადამიანის მაღალი ანაზღაურებით წევს საშუალო მაჩვენებელს", - ამბობს ISET-ის წარმომადგენელი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა