თბილისში ბინები გაძვირდა - როგორ შეიცვალა ფასი ძველ და ახალ პროექტებში
2026 წლის აპრილში თბილისში 3 603 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ კვლევით, გასული წლის აპრილთან შედარებით ტრანზაქციები 12.7%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 275 დოლარს შეადგენდა, გასული წლის იმავე თვეში კი 1 137 დოლარი იყო. მონაცემები წლიურად 12.1%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
ძველ და ახალ პროექტებში ბინები ისევ გაძვირდა
რომ გადავხედოთ ძველ და ახალ პროექტებში ფასის ცვლილებას, საანგარიშო პერიოდში ორივე შემთხვევაში მატება ფიქსირდება. ასე მაგალითად, 2026 წლის აპრილში ახალ პროექტებში ფასები წლიურად 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს თუ 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 257 დოლარს შეადგენს, გასულ წელს 1 116 დოლარი იყო.
ძველ პროექტებში კი წლიურად 10.6%-იანი მატება ფიქსირდება. უფრო დეტალურად, 2026 წლის აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი ამ შემთხვევაში 1 363 დოლარამდე გაიზარდა, შარშან იმავე პერიოდში კი 1 232 დოლარი იყო.
„2026 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აპრილთან შედარებით ქალაქის ცენტრში 11%-ით, ფართო ცენტრში 10%-ით, ხოლო გარეუბანში 6.2%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 10.6%-ით მოიმატა.
ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 10.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 2.2%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 12.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.