თეგებით ძიება

ტრამვაი სად უნდა გაატარონ, როცა ქალაქში მანქანების გასავლელი გზაც კი არ დატოვეს? - ნიკოლოზ კაჭკაჭური

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბის" მიმართულებით 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს.

როდის დაუბრუნდება თბილისს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი? - თემაზე TIA.GE-ს მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ კაჭკაჭური ესაუბრა:

- იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზეა გადასული, ჩვენ ქალაქში მოძრავი ტრამვაი და ტროლეიბუსი გავაუქმეთ და გავანადგურეთ. არადა, ეკოლოგიურობის გარდა, ტრამვაის უპირატესობა მაღალი გამტარუნარიანობა, ეკონომიურობა, უსაფრთხოება და  შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის მოხერხებულობა გახლავთ. მისი  ელექტროძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი დიზელის ძრავისას 2,3–ჯერ აღემატება და გზის ფართს 8-ჯერ უფრო ეფექტურად იყენებს. ამასთან, სარელსო ტრანსპორტის წინაღობა გზის მიმართ საბურავებიანი ტრანსპორტის წინაღობაზე გაცილებით ნაკლებია. ტრამვაი მკაცრადაა დაფიქსირებული სავალ ნაწილზე, ამიტომ ის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით იმოძრაოს ხიდებზე, გვირაბებსა და ვიწრო გასასვლელებში. აი ასეთი ტრანსპორტი დავკარგეთ.

სააკაშვლის ხელისუფლების დროს ტრამვაის პარკიდან მერიამდე აქცია-მსვლელობა მოვაწყეთ, ვის არ მივმართეთ, რომ ქალაქისთვის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ჩინოვნიკებმა ამ საქმეში დიდი ფულის შოვნის გზა დაინახეს და უკან არ დაიხიეს. ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკების ტერიტორიები აითვისეს, სახლები ააშენეს და ხალხისთვის წართმეულით მილიონები იშოვეს.

- ელექტროტრანსპორტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი რა გახდა?

- ხან ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა მოიმიზეზეს, ხან  ელექტროენერგიის სიძვირე, ხან ტრამვაი-ტროლეიბუსების მძღოლებისთვის გასაცემი ხელფასი, მაგრამ სინამდვილეში, რკინის, ფოლადისა და სპილენძის მასალის ხელში ჩაგდება აინტერესებდათ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ  ვიღაცამ არეულობის წლებით ისარგებლა, საერთო ქონება ქვეყნიდან გაიტანა, ჯართში ჩააბარა და ამით მილიონები იშოვა. წარმოიდგინეთ, თბილისში 100-ზე მეტი ტროლეიბუსი და ათობით ტრამვაი დადიოდა და თითოეული დაახლოებით, 16 ტონას იწონიდა (აქედან 3-4 ტონა სპილენძი იყო). თუ ამას ახალი ფოლადის რელსებს, ტროლეიბუსების ხაზებს, წევის სადგურებს, მაზუთში მოხარშულს შპალები და ა.შ. დაუმატებთ, წარმოიდგინეთ რამხელა ქონებაზეა საუბარი? ტრამვაის პარკიდან შტაბელებად დაწყობილი ახალი რელსები გაიტაცეს. იცით რა სიგრძის რელსებზეა საუბარი? თბილისში ტრამვაის ხაზი 100 კმ-ზე მეტი იყო, დაახლოებით ამდენივე  ტროლეიბუსების ხაზი. მილიონების დატაცებაზეა საუბარი.. ელექტრო ხაზების მოპარვას მაშინ უბრალო მოქალაქეებიც ცდილობდნენ და ერთხელ ამას მსხვერპლიც მოჰყვა - გლდანში ვიღაც ხაზების მოსაპარად ავიდა, დენმა დაარტყა და მოკლა. 

_ ალბათ იცით, რომ ამჟამად ქალაქის მერია დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის-ხაზზე მუშაობს. 

_ დიახ, ასე ამბობენ, მაგრამ პირადად მე ასეთი ზღაპრების არ მჯერა. ტრამვაის მუშაობისთვის საჭიროა, რომ ყოველ 200–300 მეტრში წევის ქვესადგურები დადგან, ამას კი უზარმაზარი ფული სჭირდება. ფული კიდეც რომ მოიძიონ, მანქანების გზა არ დატოვეს, ყველგან საცობებია და ტრამვაი სად უნდა გაატარონ? გზის შუაში გაზონები და ბარდიურებია და რომელ ტრამვაზე შეიძლება ლაპარაკი ასეთ სიტუაციაში? ამდენი ფული თუ აქვთ, თითქმის ბოლომდე მიყვანილი მეტროს სადგურები დაასრულონ და გახსნან. საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად, მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარება შეჩერდა და მიწის ზემოთ საცობების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. 

თბილისში ტროლეიბუსი 1937 წლიდან, ტრამვაი კი 1883 წლიდან ფუნქციონირებდა. ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა 1989 წელს დაიწყო. 1990 წლის იანვარში გლდანის მასივში მოქმედი #8 ტრამვაი, რომელიც მეტრო დიდუბიდან გლდანის 7–8 მიკროებამდე მოძრაობდა გაუქმდა. ლიანდაგები აიყარა სარაჯიშვილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე.1994–1996 წლებში თბილისის ზღვაზე საკონტაქტო სადენი მოიპარეს და ტრამვაიმ მოძრაობა შეწყვიტა. 2000–2001 წლებში გაუქმდა გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინისკენ მიმავალი 2 და 6 ნომერი ტრამვაი. 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის ტრამვაის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა, #7 მარშრუტმა. 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის უკანასკნელი ხაზი და ქალქში დარჩენილი ტროლეიბუსის ხაზებიც ერთიანად გაუქმდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა