ოქროს ფასმა მორიგი რეკორდი მოხსნა - რა ღირს ერთი გრამი "ოქროს ბირჟაზე“
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასზე მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
თბილისის დროით 16:00 საათზე უნციის ფასმა 3 054 დოლარს გადააჭარბა.
Gold Price-ის მონაცემებით, ფასი ბოლო ერთი თვის ჭრილში 3.48%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლიურად ოქროს ფასი 35.06%-იან ზრდას აჩვენებს. მხოლოდ ერთ დღეში კი უნცია 1.27%-ით არის გაძვირებული.
მსოფლიოს ანალოგიურად, ფასმა მოიმატა თბილისის ოქროს ბირჟაზეც. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ოქროს ბირჟაზე“ განუცხადეს, ბოლო დღეების განმავლობაში ერთი გრამი 999.9 სინჯის ოქრო (ე.წ. ბაჯაღლო) 5 ლარით გაძვირდა და 270 ლარს მიაღწია. ფასებმა მოიმატა როგორ იტალიურ, ასევე 585 სინჯის ოქროზე.
„ოქრო ძალიან გაძვირდა.1 გრ ჯართი უკვე 155 ლარი ღირს, ნაკეთობების ფასი 200 ლარიდან იწყება. ე.წ. „ბაჯაღლოს“ ღირებულება კი 270 ლარია. ბრენდები კი უფრო ძვირი ღირს, გრამის ღირებულება 270 ლარიდან იწყება და 300 ლარს სცდება.
დაახლოებით ერთი კვირის წინ გრამი ოქრო 5 ლარით ნაკლები ღირდა, როგორც კი უნცია ოქროს ფასი იმატებს, გასაყიდი ოქროს ფასიც იმატებს. ვაჭრობაც შემცირებულია, ხალხი პანიკაშია, ძალიან გაძვირდა და აღარ იყიდება“, - განუცხადებს „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“.