ვერ დავეთანხმები, რომ დამსაქმებლები ვიღაცას ნაკლებს ვუხდით, ვინც მეტს იმსახურებს - ელგუჯა მელაძე
დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ბოლო კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 600 ლარზე ნაკლები ხელფასი 142 ათას ადამიანს აქვს.
„იმას, რომ ჩვენ, დამსაქმებლები ვიღაცას ნაკლებს ვუხდით, ვინც მეტს იმსახურებს, ამას ვერ დავეთანხმები. ვინაიდან, არსებობს თუნდაც, იმ მცირე პროცენტისთვის შესაფერისი სამუშაო და ეძებენ მაღალანაზღაურებად მენეჯერებს კომპანიების მფლობელები. ეს ფაქტია. ასევე, საშუალო ხელფასის მაძიებლებზეც დიდი მოთხოვნაა და მათ უნდათ მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირება.
რაც შეეხება 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს, შეიძლება სადმე ხელფასი იყოს 600 ლარზე ნაკლები, მაგრამ კვირაში არის 40-საათიანი სამუშაო, ამიტომ, შეიძლება ის ადამიანი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წევრებიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, მე არ ვიცნობ კომპანიას, რომელსაც თუ 40-საათიანი სამუშაო კვირა აქვს, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს“,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
ცნობისთვის, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის მე-4 კვარტალში ჯამში ხელფასს მილიონამდე ადამიანი იღებდა, წლიურად ამ ადამიანების რიცხვი 4%-ით არის გაზრდილი. მე-4 კვარტალში ყველაზე მეტ ადამიანს (34%) 2400 ლარი და მეტი ხელფასი ჰქონდა. ანუ 341 ათასზე მეტი ადამიანი ამ კატეგორიაში იღებდა ხელფასს. დასაქმებულების 32%-ს 1200-2399 ლარის კატეგორიაში აქვთ ხელფასი. 600 ლარამდე ხელფასი 14%-ს ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ მე-4 კვარტალში 140 ათასზე მეტი ადამიანი 600 ლარამდე ხელფასს იღებდა.