ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
28 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე „რეკომენდაციების“ ველში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.