თეგებით ძიება

Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა

იაპონურმა კომპანია Kawasaki Industries-მა ოსაკას ტექნოლოგიურ გამოფენაზე უნიკალური კონცეფცია – წყალბადზე (Hydrogen) მომუშავე რობოტი ცხენი სახელად Corleo წარადგინა. ეს ინოვაციური პროექტი კომპანიის მოტოციკლეტებისა და რობოტექნიკის სფეროში მიღწეულ გამოცდილებას აერთიანებს და ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ქმნის, რომლის მსგავსი ჯერ არავის შეუქმნია.

Corleo აღჭურვილია 150 კუბური სანტიმეტრის მოცულობის წყალბადზე მომუშავე ძრავით, რომელიც ენერგიას აწვდის რობოტის ოთხივე ფეხის ელექტრონულ მოტორებს. წყალბადის ავზები განთავსებულია რობოტის უკანა ნაწილში, ხოლო მისი გამონაბოლქვი მხოლოდ წყალს შეიცავს, რაც მას ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად აქცევს.

რობოტის ფეხები აღჭურვილია რეზინის ნალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრადობას სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის ბალახზე, კლდოვან და არასწორ ზედაპირებზე. უკანა ფეხები დამოუკიდებლად მოძრაობენ წინა ფეხებისგან, რაც ზრდის მოქნილობას და შეტევის კუთხეს.

მართვა ხორციელდება მძღოლის სხეულის მოძრაობების მეშვეობით, ისევე როგორც ეს მოტოციკლის შემთხვევაშია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Corleo რეალურ დროში ადაპტირდება მძღოლის წონასწორობის ცვლილებასთან, რაც ამცირებს ვარდნის რისკს. დამატებით, რობოტი აღჭურვილია საინფორმაციო პანელით, რომელიც აჩვენებს მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა: სიჩქარე, ბატარეის მოცულობა და ნავიგაცია, ხოლო ღამით გზის ზედაპირზე პროექციული მარკერების მეშვეობით რობოტი მძღოლს მარშრუტს აჩვენებს.

Corleo-ს მიზანია ალტერნატიული ტრანსპორტი გახდეს კვადროციკლების მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით რთულ და არათანაბარ რელიეფზე გადაადგილებისთვის. თუმცა, პროექტი ჯერ კიდევ კონცეფციის ეტაპზეა და კომერციული წარმოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. კომპანიამ მიანიშნა, რომ რობოტი ცხენი შესაძლოა ბაზარზე 2050 წლისთვის გამოჩნდეს.

აქვე, კომპანიის შესახებაც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, Kawasaki 1878 წელს შოზო კავასაკის მიერ დაარსდა, როგორც გემთმშენებლობის კომპანია. მოტოციკლეტების წარმოება კომპანიამ 1962 წელს დაიწყო, როდესაც გამოუშვა პირველი მოდელი B8, ხოლო 1963 წელს გაერთიანდა Meguro Manufacturing-თან და ჩამოყალიბდა Kawasaki Motorcycle Company.

დღეისათვის Kawasaki მრავალმხრივი ინდუსტრიული კონგლომერატია, რომელიც აწარმოებს არამარტო მოტოციკლებს, არამედ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს და სხვა მძიმე ტექნიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლეტების წარმოება კომპანიის საერთო შემოსავლის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, ეს სეგმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის საქმიანობაში და ბრენდის პოზიციონირებაში. Kawasaki-ის მრავალფეროვან სამოდელო რიგში არაერთ საინტერესო მოტოციკლს შეხვდებით, მათ შორის სუპერ-სპორტ კატეგორიის Ninja H2R-ს, რომელიც საერთოდაც პლანეტაზე არსებული უსწრაფესი სუპერბაიკია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა