რატომ უწოდეს „ალმასის სასახლე“ ჭონქაძის 11 ნომერში მდებარე სახლს?
ალბათ შეგიმჩნევიათ ჭონქაძის ქ. N11-ში მდგარი საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX-ე საუკუნეში აშენდა. თავდაპირველად ეს შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა.
სახლი რომ ირანულ ყაიდაზე გადაეკეთებინა მირზა რეზა ხანმა აღმოსავლელი და ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. მათ სახლი მრავალწახნაგოვან ფიგურებში ჩასმული სარკეებით შეავსეს, რის გამოც უცხოელებმა მას ალმასის სასახლე უწოდეს. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს, მირზა რეზა ხანის დდაბადების დღეს გაიმართა. რეკონსტრუქციის შემდეგ მირზა რეზა ხანმა სასახლეში ირანის საკონსულო გახსნა.
ახლადგახსნილ საკონსულოში, გრანდიოზული ზეიმი გამართა. საგანგებოდ ამ დღისთვის მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოაწყვეს, რომ იქიდან წყლის ნაცვლად, კახური წითელი ღვინო მოედინებოდა. საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს ფეიერვერკი მოეწყო, რომელმაც ზეიმს ბრწყინვალება შეჰმატა. საღამოზე მთავარმართებლის სამხედრო ორკესტრი და ირანელი მუსიკოსის აბდ ალ-ბაყი ყარაბაღის აღმოსავლური ანსამბლი უკრავდა. მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებამ სასახლეში ხალხი შეასახლა და ეს ყველაფერი გაქრა.
დღეს ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, სადაც სარკეებისა და მრავალწახნაგების ფრაგმენტები მხოლოდ სადარბაზოსა და ერთ ოთახშია შემორჩენილი უვნებლად, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.