მამა-შვილმა ჯართში ჩაბარებული ვაგონი მყუდრო სახლად აქცია
ეს შემთხვევა აშშ-ის აიოვას შტატში მოხდა, სადაც ერთმა ოჯახმა ძველი ოცნების ასრულება გადაწყვიტა. ოჯახის უფროსმა, ჯიმ დოტცენროდმა პენსიაზე გასვლის შემდეგ პატარა სახლის აშენება გადაწყვიტა, რომელიც მისი შვილებისთვის იდეალურ დასასვენებელ ადგილად იქცეოდა.
ერთ დღეს, ჯიმი ძველი, დიდი ხნის წინ მიტოვებული რკინიგზის ხაზთან მოხვდა, სადაც ღია ცის ქვეშ, რამდენიმე ჟანგიანი ვაგონი იდგა. ჯიმიმ მაშინვე გაიფიქრა, რომ ასეთი ვაგონი მომავალი სახლისთვის იდეალური საფუძველი იქნებოდა, თუმცა ამ იდეის განხორციელება არც ისე ადვილი აღმოჩნდა — ვაგონის მფლობელმა მის გაყიდვაზე უარი თქვა. ჯიმიმ სხვა ვარიანტის ძებნა დაიწყო და ერთ-ერ ჯართის შემგროვებელ პუნქტში 1973 წელს გამოშვებული, 16-მეტრიანი ვაგონი იპოვა. ჯიმიმ ვაგონი ჯართის ფასად - 8 000 დოლარად შეიძინა, რაც ნამდვილად წარმატებული გარიგება გახლდათ.
მძიმე ვაგონის დანიშნულების ადგილამდე მისატანად საჭირო გახდა სახელდახელო რკინიგზის მოწყობა, თუმცა ჯიმის მთავარი სირთულეები წინ ელოდა. დანიშნულების ადგილამდე მიტანის შემდეგ ოჯახმა სპეციალური საშუალებების დახმარებით ვაგონის დიზელის საწვავის, ჭვარტლისა და წლების მანძილზე დაგროვილი ჭუჭყისგან გაწმენდა დაიწყო.
ამ შრომატევად პროცესში მამას ქალიშვილი, დანიელა ეხმარებოდა. როდესაც ვაგონს ყველა ზედმეტი ნაწილი მოაცილეს, მამა-შვილი საცხოვრებელი სივრცის დაგეგმვას შეუდგა. ხეზე მუშაობა მთლიანად მამამ იტვირთა, ხოლო ფილების დაგება, სახლის დიზაინი და ინტერიერის მოწყობა დანიელას დაევალა. გოგონამ თითოეული სანტიმეტრი ისე დაგეგმა, რომ სახლი თანამედროვე, ფუნქციური და კომფორტული გამხდარიყო. მამა-შვილმა მემანქანის სავარძლების დატოვება გადაწყვიტა, რომლებიც სახლში დიზაინის ელემენტებად იქცა.
იმის გამო, რომ ვაგონის ავთენტური ელემენტები შავ ფერში იყო შესრულებული, ინტერიერის დიზაინი კონტრასტულ, შავ-თეთრ ფერებში მოეწყო. ეტი მკომფორტისა და სიმყუდროვისთვის ჯიმიმ ვაგონის ლითონის ნაწილები ხის ნაწილებით შეცვალა.
საბოლოოდ, ახალ სახლში გაჩნდა ლამაზი მისაღები ოთახი ორიგინალური ფორმის ელექტრო ბუხრით, ჩაიდნის მაგიდით და კედელზე დამაგრებული ტელევიზორით. ვაგონის შუა ნაწილში მოეწყო სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ვაგონის უკანა ნაწილი კი ორ ზონად — სააბაზანოდ და საძინებლად გაიყო. საძინებელში მამა-შვილმა ორსართულიანი საწოლი და კარადა დადგეს, სადაც სტუმრებს ბარგის დატოვება შეუძლიათ. სააბაზანო პატარაა, მაგრამ მოხერხებულია — მასში საშხაპე კაბინა და ტუალეტი განთავსდა.
მამა-შვილის ენთუზიაზმით სავსე დუეტმა სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ჟანგიანი ვაგონი მყუდრო, მოსასვენებელ სახლად გარდაქმნა, რაც დაახლოებით 4 000 დოლარი დაუჯდათ. პროექტმა, რომელსაც "CR Station Train Caboose" დაარქვეს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მათ შორის, ვისაც დაუვიწყარი შვებულების გატარება სურს. სახლად ქცეულ ვაგონში ღამის გატარების მსურველებს მხოლოდ 124 დოლარის გადახდა უწევთ, რაც ასეთი გარემოსთვის საკმაოდ მისაღები ფასია.