ცრემლის ფორმის სარკმელები და სამგლოვიარო გვირგვინები - შვილისთვის აგებული სახლის სევდიანი ისტორია
თბილისში, ზემელისა და ოლღას ქუჩის კუთხეში, ბევრი ლეგენდისა და მრავალფეროვანი ისტორიის მქონე შენობა დგას. შენობა XX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება და მოდერნის არქიტექტურულ სტილშია აგებული. სახლის მშენებელი მსხვილი მოვაჭრე, მესამე-მეოთხე თაობის თბილისელი, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი იყო, რომელმაც ეს სახლი თავის შვილს, თაქუის აუშენა, რაც ქართულად „დედოფალს“ ნიშნავს. თაქუი ერთადერთი ბავშვი არ იყო ოჯახში, მაგრამ მართლა დედოფალივით ექცეოდნენ. დიდი საშემოსავლო სახლის ქონა გოგონას ბავშვობის ოცნება ყოფილა და მამამ ოცნება აუსრულა.
მელიქ-აზარიანცი ქალაქის მაშინდელ მერთან, ალექსანდრე ხატისოვთან მისულა და სახლის ასაშენებელი ადგილი უთხოვია. მერმა ზემელზე, იმ ადგილისკენ მიუთითა, სადაც ადრე ნაგავსაყრელი მდებარეობდა. აზარიანცი შეთავაზებას დათანხმდა და იმ ნაგავსაყრელის ამოსავსებად ასეულობით ტონა მიწაც მიიტანა. სახლის მშენებლობა 1911 წელს დაიწყო და 1915 წლამდე გაგრძელდა. სახლის არქიტექტორი წარმოშობით პოლონელი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ. მელიქ-აზარიანცის სახლი მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.
რთულ რელიეფზე სახლის ასაშენებლად პირველად კავკასიაში, უნიკალური ტექნოლოგია გამოიყენეს - საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში მოექცა, რომელმაც შენობა მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა და სიმყარე შემატა. სახლის კედლები საგანგებოდ გამომწვარი აგურით აშენდა.
არსებობს ლეგენდა, რომ ქალაქის მერი, ალექსანდრე ხატისოვი მელიქ-აზარიანცს რაღაცაზე გაუნაწყენდა და მშენებლობას ჯერ წყალი შეუწყვიტა, მერე კი გაუძვირა. ამბობენ, რომ ჯიუტი ვაჭარი ამან არ შეაშინა და საშენი მასალის მოსაზელად ღვინო გამოიყენა.
მელიქ-აზარიანცის ქალიშვილი, თაქუი 25 წლის ასაკში მძიმედ დაავადდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თაქუის ხსოვნის პატივსაცემად შენობის გუმბათებზე ცრემლის ფორმის სარკმელები და ქვის სამგლოვიარო გვირგვინები გაჩნდა.
მელიქ-აზარიანცის ს საშემოსავლო სახლი ბინების გასაქირავებლად აშენდა. მას საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, რაც იმდროინდელი სახლებისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. სახლის შიგნით განათავსეს მაღაზიები, აფთიაქი, ფოტოსალონი, სატელეფონო სადგური, საპარიკმახერო, სასეირნო ბაღი და მეეტლეთა სადგომიც კი. სახლის ქვეშ არის გვირაბებისა და სარდაფების რამდენიმე სართულიანი ლაბირინთი.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მელიქ-აზარიანცს მთელი ქონება ამოართვეს და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი, ისიც კიბის ქვეშ გამოუყვეს,, სადაც დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ათბილისელი მეგობრების საზიარო ფულით დაკრძალეს.