სახლი პარიზული სტილით — 5 ოქროს წესი
გაზაფხული ბინის რემონტების, დასუფთავებისა და განახლების დროა. სეზონური რემონტი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ შეშინდებით – იფიქრეთ ამაზე როგორც ინტერიერის განახლების და სილამაზის შექმნის შესაძლებლობაზე. თუ რჩევა გჭირდებათ, გეტყვით, რომ პარიზული სტილი საუკეთესო არჩევანი იქნება.
ნიუ-იორკელი სტილისტის, ელისონ გირშიკ იგანის თქმით, პარიზული ინტერიერი ამშვიდებს. ის ფრანგი ქალების სტილის მსგავსად, ყოველთვის დახვეწილია და დრო ვერაფერს აკლებს. პარიზული ესთეტიკა როგორც პატარა, ისე დიდ ბინებს უხდება და მისი შექმნა მარტივად, რამდენიმე ძირითადი დეტალით შეიძლება. დაიწყეთ ნეიტრალური ფერებით — კრემისფერი, თეთრი, ყავისფერი და ნაცრისფერი — ეს ფერები ქმნიან სიმშვიდეს, რაც პარიზულ ატმოსფეროს ახასიათებს.
ელისონი გვირჩევს იდეალური ფრანგული სტილის შესაქმნელად ვინტაჟი და თანამედროვე ელემენტები ერთანეთთან დავაკავშიროთ. მისივე თქმით, პარიზული ინტერიერისთვის ოქროსფერი დეტალები აუცილებელია. „კედლის სარკეები ოქროს ჩარჩოში და ბრინჯაოს სახელურები — ესაა ელემენტები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლით. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ სიმსუბუქე და ჰარმონია არ დაიკარგოს“- ამბობს სტილისტი.
არ აქვს მნიშვნელობა, მთელ სახლს აახლებთ თუ მხოლოდ ერთ კუთხეს — ფრანგული სტილის ეს 5 იდეა თქვენს სახლს ახალ განწყობას შემატებს:
ვინტაჟური დეკორი
პატარა ნივთები და დეტალები, რომლებიც ძველმანების ბაზრობაზე შეძენილებს გვანან, ინდივიდუალურ, განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნიან. თქვენ გჭირდებათ პატარა ქანდაკებები, მოხატული ლარნაკები და სხვა ორიგინალური დეტალები.
ბუნებრივი ფერები
შთაბეჭდილების მოსახდენად კაშკაშა ფერები აუცილებელი არ არის. ნეიტრალური ფერის და ქსოვილის ჰარმონიული შერწყმა სივრცეს სიმყუდროვეს, დახვეწილობას და სიმშვიდეს ანიჭებს.
ჭურჭელი, რომელიც საუბრობს
სწორად შერჩეული ჭურჭლის დახმარებით კერძის მირთმევას შეუძლია მის გემოვნურ თვისებებზე ჯადოსნური გავლენა მოახდინოს. სულ ერთია, ეს დილის ყავა იქნება თუ სადილი ოჯახურ წრეში.
წიგნები ჟურნალების მაგიდაზე
წიგნები ჟურნალის მაგიდაზე დეკორის საუკეთესო ელემენტია. მათი საშუალებით შეგიძლიათ სტუმრებს საკუთარი გემოვნებისა და ინტერესების შესახებ მიანიშნოთ ან უბრალოდ განტვირთვისთვის იკითხოთ.
დეკორატიული ჩარჩოები
იმის მიუხედავად, კედელს ხელოვნების ნიმუშებით აფორმებთ თუ საყვარელი ადამიანების ფოტოებით, ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან ორნამენტებით გაწყობილი ჩარჩოები ნებისმიერ სივრცეს ხასიათს და სილამაზეს შემატებს.