როგორ იცვლება გარეუბნების მიმართ ინტერესი თანამედროვე პირობებში?
თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესდღეობით ქალაქის გარეუბნებში ცხოვრობს. გარეუბანი წარმოადგენს მსხვილი საქალაქო ტიპის დასახლების პერიფერიულ ნაწილს, რომელიც ადმინისტრაციულ ცენტრთან სატრანსპორტო ქსელით არის დაკავშირებული. დასავლური სამყაროს მაგალითზე, გარეუბნების ფართო გავრცელება ძირითადად პოსტინდუსტრიულ პერიოდში, XIX-XX საუკუნეებში მოხდა. ტრანსპორტის განვითარებამ გადაადგილება გაადვილა და ურბანული ცენტრები მნიშვნელოვნად გააფართოვა.
თბილისის ძველი გარეუბნები, როგორიცაა ნაძალადევი და დიდუბე, სწორედ რკინიგზის შექმნის პარალელურად, 1870-იანი წლებიდან იწყებენ ფორმირებას. მოსახლეობის საცხოვრებელი პრობლემის მოსაგვარებლად, 1950-1980-იან წლებში გარეუბნებში შენდება მასიური საცხოვრებელი კომპლექსები და მიკრორაიონები. თუ აშშ-ში გარეუბანი ამერიკული ოცნების სიმბოლო იყო – მშვიდი და სტაბილური ცხოვრების ადგილი, საქართველოში გარეუბნები წარსულში ნაკლებად ფასდებოდა და ხშირად მხოლოდ „საძილე რაიონებად“ მოიხსენიებოდა.
თანამედროვე ეტაპზე გარეუბნების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. დღეს ისინი სწრაფი ტემპით ვითარდება – გაუმჯობესდა სატრანსპორტო კავშირები, გაჩნდა სავაჭრო ცენტრები, გასართობი და სარეკრეაციო ზონები, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს კომფორტულად იცხოვრონ თავიანთ საცხოვრებელ უბანში ქალაქის ცენტრში წასვლის გარეშე.
ბოლო წლებში ყველაზე მოთხოვნად უბნებად ითვლება დიდი დიღომი, გლდანი და ვარკეთილი. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მატულობს უძრავი ქონების ფასებიც. გარეუბნები განსაკუთრებით ხელსაყრელია სტუდენტებისთვის, შრომითი მიგრანტებისთვის და სხვა ფართო სოციალური ჯგუფებისთვის. ბევრ ადამიანს ურჩევნია ქალაქის გადატვირთული ცენტრის ნაცვლად საცხოვრებლად შედარებით წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა გარეუბანი.
მოსახლეობის ზრდა გარეუბნებში ზრდის მოთხოვნას ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე. მაგალითად, დიდ დიღომში სულ რამდენიმე წლის წინ 35 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 60 ათასამდეა გაზრდილი. ამის პარალელურად, 1 კვ.მ. ბინის ფასი 450-550 დოლარიდან 1000-1200 დოლარამდე გაიზარდა. გაჩნდა ახალი კომერციული და სოციალური ობიექტები. გარეუბნები თანდათან იცვლიან სახესა და სტატუსს – მაგალითად, დიდუბე, რომელიც ადრე გარეუბანი იყო, დღეს უკვე ქალაქის ფართო ცენტრის ნაწილია, ხოლო გლდანი, რომელიც 1970-იან წლებში „საძილე რაიონად“ ითვლებოდა, დღეს სრულფასოვანი ურბანული ერთეულია – ქალაქი ქალაქში.
თბილისი განაგრძობს გაფართოებას მტკვრის გასწვრივ. ჩრდილოეთით ავჭალის, ხოლო სამხრეთით ფონიჭალის მიმართულებით ვითარდება ახალი გარეუბნები, რომლებიც მომავალში შესაძლოა განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდნენ. თუ დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, თბილისი უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა რუსთავს დაუკავშირდეს და ერთიანი მეტროპოლიური ზონა ჩამოყალიბდეს.