თეგებით ძიება

სამშენებლო კომპანიამ 51 000 დოლარით დააჯარიმა ბინის მყიდველი, რომელმაც კორპუსის შემოწმება სცადა

„ადამიანს 51 000 დოლარი წაართვეს იმაში, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ექსპერტიზა  მოითხოვა“ -  არასამთავრობო ორგანიზაცია „იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვის ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბურჯანაძემ TIA.GE -ს ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ უამბო:

_ ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას საუდის არაბეთის მოქალაქე დაუკავშირდა და  მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ბათუმში სასტუმროს ტიპის აპარტამენტს აშენებს, რომლის კვადრატულის მეტრის ღირებულება 3000 აშშ დოლარს შეადგენს. არაბეთის მოქალაქემ ამ კომპანიასთან 317 000 აშშ ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გრაფიკით 102 000 აშშ დოლარი  ჰქონდა გადახდილი, როცა გაიგო, რომ ამ კომპანიის მიერ რამდენიმე წლის წინ აშენებულ კორპუსში მესამე სართული ჩამოიშალა. ბინის მყიდველმა ინფორმაცია გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ 7 წლის წინ ასეთი შემთხვევა ნამდვილად მოხდა და 5 ადამიანი დაშავდა. ბუნებრივია,  ადამიანი დაინტერესდა, ამჯერად რამდენად ხარისხიანად აშენებდა კომპანია სახლს და საკუთარი სახსრებით შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. ამ მოთხოვნას სამშენებლო კომპანიის მხრიდან ის მოჰყვა, რომ კლიენტს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება და 51 000 აშშ დოლარით დააჯარიმა. 

_ სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირება და მომხდარის მიზეზების გარკვევა თუ სცადეთ?

_ კომპანიას წერილობითი კომუნიკაცია გვქონდა. მივწერეთ, რომ საუდის არაბეთის მოქალაქე მზად არის ფული გადაიხადოს, მაგრამ აინტერესებს რას ყიდულობს და გთხოვთ მიეცით კლიენტს საშუალება, რომ ფულიც გადაიხადოს და მშენებლობის ხარისხიც შეამოწმოს თქო. ამის შემდეგ პასუხი აღარ მოსულა, მხოლოდ წერილი გაუგზავნეს ამ ადამიანს, რომ კონტრაქტი გაუქმებულია და ფინანსური სანქციები ამოქმედდა. ელემენტალური კითხვა ჩნდება - თუ კომპანიას დასამალი არაფერი აქვს, რატომ არ აძლევს კლიენტს საშუალებას, რომ გაიგოს რას ყიდულობს. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი 317 000  დოლარს იხდის ხომ? სხვათა შორის, ეს ერთეული შემთხვევა არ არის. ჩვენ თბილისშიც გვქონდა შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საბურთალოზე კორპუსს აშენებდნენ, სადაც რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კომერციული ფართის შეძენა  სურდა. მყიდველმა, რომელიც 250 000 დოლარს იხდიდა, მშენებლობის ხარისხის შესამოწმებლად  ექსპერტიზის ჩატარება მოინდომა, მაგრამ კომპანიისგან უარი მიიღო და ხელშეკრულება ჩაიშალა. ჩემი აზრით, ასეთი კომპანიები კეთილსინდისიერ დეველოპერებს სახელს უტეხენ და ნდობას უკარგავენ. წარმოიდგინეთ, ადამიანს 102 000 დოლარის  ნახევარი წაართვეს იმაში, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ექსპერტიზა  მოითხოვა. 

_ სასამართლოს რატომ არ მიმართა?

- ყველა ინსტანციას მიმართავს და იმედი გვაქვს, რომ კეთილსინდისიერ მყიდველს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობენ დეველოპერები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და მყიდველის ინტერესები საერთოდ იგნორირებულია და სანამ საკანონმდებლო ბაზა არ გამოსწორდება ასეთი პრობლემები გვექნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა