საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი ღარიბია
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7%-ით გაიზარდა და 700 ათასს გადააჭარბა. იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.282 მლნ-ზე მეტია.
უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2025 წლის მარტის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 700 740-ს შეადგენს, აქედან 465 183 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 235 287 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
ამავე უწყების მონაცემებით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 655 073 ადამიანი იღებდა, აქედან 217 113 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 437 960 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.
ამასთან, მარტის მდგომარეობით 1 282 280-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 224 000-ს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.