როგორ აშენებდნენ ძველად ბეტონის გარეშე სახლებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს
ბეტონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა, რომელიც დამზადებულია ღორღის (ხრეშის), ქვიშის, ცემენტისა და წყლის ნარევისაგან. ბეტონს ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყენებდნენ მასიური ნაგებობების მშენებლობის დროს, თუმცა რომის იმპერიის დაცემასთან ერთად ბეტონის გამოყენება შეწყდა. მე-18 საუკუნეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბეტონის დამზადება ისევ დაიწყეს. მის ფართოდ გავრცელებას მე-19 საუკუნეში რკინაბეტონის გამოგონებამ შეუწყო ხელი, თუმცა არსებობენ გაცილებით უფრო ძველი ნაგებობები, რომლებიც დღემდე მყარად დგანან. რა მასალებს იყენებდნენ ჩვენი გონიერი წინაპრები მათი მშენებლობისთვის? მოდი, ერთად გავიგოთ.
წარსულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამშენებლო მასალა კირის ხსნარი იყო. კირი უძველესი შემკვრელი ნივთიერებაა, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება სილიკატური ბეტონის, აგურის, დუღაბის, დაბალი სიმტკიცის ბეტონისა და ქვის დასამზადებლად. კირი მიიღება კარბონატული მთის ქანების (კირქვის, ცარცის) 900-1200 °C ტემპერატურაზე გამოწვით გადნობამდე. ძველ დროში კირს მიწისქვეშა ღუმელებში ამზადებდნენ და ამისთვის ჩაუმქრალ კირს იყენებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა:
1. ჩაუმქრალ კირს ათავსებდნენ ორმოში და წყალს ასხამდნენ, რის შედეგაც ეგზოთერმული რეაქცია იწყებოდა. კირის ქრობას დაახლოებით ერთი თვე სჭირდებოდა, შესაბამისად, დიდი და ძვირადღირებული შენობის აგება შეიძლება ათწლეულები გაგრძელებულიყო.
2. შემდეგ ეტაპზე კირს საჭირო პროპორციით ქვიშასა და წყალს უმატებდნენ, რომ ერთგვაროვანი მასა მიეღოთ.
კირის ხსნარს რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა, რის გამოც მშენებლობაში აქტიურად გამოიყენებოდა:
ელასტიკურობა - კირის ხსნარი კარგად ავსებდა სივრცეს კედლებსა და ქვებს შორის.
სიმტკიცე - დროთა განმავლობაში, კირი ატმოსფერულ ნახშიროჟანგს შთანთქავდა და კიდევ უფრო მყარდებოდა. არის შემთხვევები, როცა 200-300 წლის შენობები ინგრეოდა, კირის ხსნარი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა.
ორგანულობა - კირის ხსნარით აშენებული კედლები "სუნთქავდა", რაც შენობის შიდა მიკროკლიმატს აუმჯობესებდა, თუმცა, კირს თავისი ნაკლოვანებებიც ჰქონდა - კირის ხსნარი თანამედროვე ცემენტის ნაზავების მსგავსად, მყისიერად არ მაგრდებოდა და გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ კირის ხსნარს ზოგჯერ მარცვლეულის ნახარშებს, ხარის სისხლს და ცხოველურ ცხიმს ურევდნენ. ასეთი ორგანული დანამატები კრისტალების წარმოქმნას აჩქარებდა, რის შედეგადაც ხსნარი უფრო სწრაფად მყარდებოდა. ბევრს სმენია ლეგენდები იმის შესახებ, რომ ძველად მშენებლობის დროს, კირიან მასას კვერცხს უმატებდნენ და ამ ლეგენდებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად მოიპოვება.
თიხის ხსნარები
კიდევ ერთი ფართოდ გავრცეელებული სამშენებლო მასალა იყო თიხის ხსნარი. მისი არსებობა უძველესი დროიდან არის ცნობილი და ის ცემენტის გამოჩენამდე აქტიურად გამოიყენებოდა.
თიხის ხსნარის მომზადების პროცესი მარტივი იყო: თიხას ურევდნენ წყალსა და სხვადასხვა დანამატს, მაგალითად, ხორბლის ღეროებს, რაც სიმტკიცესა და ელასტიურობას მატებდა.
თიხის ხსნარის თავისებურებები:
თიხის ხსნარი 100%-ით ბუნებრივი მასალებისგან მზადდებოდა, რაც მას ეკოლოგიურად სუფთას და უსაფრთხოს ხდიდა.
თიხის ხსნარის ინგრედიენტები ადვილად ხელმისაწვდომი იყო, განსაკუთრებით სოფლად.
თიხის კედლები ზამთარში სითბოს ინარჩუნებდა, ზაფხულში კი სიგრილეს.
თუმცა თიხის ხსნარს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ჰქონდა — ის ძალიან მგრძნობიარე იყო ტენის მიმართ და შესაბამისად, დიდხანს ვერ უძლებდა.
თაბაშირის ხსნარი
მე-18–19 საუკუნეების მშენებლობაში ასევე თაბაშირის ხსნარი გამოიყენებოდა. თაბაშირის ხსნარი ბევრად სწრაფად მაგრდებოდა, ვიდრე კირის, რაც ძალიან მოსახერხებელი იყო შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის და დეკორატიული ელემენტების შესაქმნელად.
და ბოლოს, ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების წინ გამოყენებული ხსნარები ძირითადად, ბუნებრივი მასალებისგან მზადდებოდა. ისინი იმდროინდელი სამშენებლო ტექნოლოგიისთვის მყარ საძირკველს ქმნიდნენ და საფუძველი დაუდეს თანამედროვე მასალების განვითარებას. ეს კიდევ ერთი დასტური, რომ მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისა, წინაპრებისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.