„პურის ფასი შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს” - რას ამბობს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე?
პურის ფასი შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემის „საქმე“ ეთერში საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი რუსეთიდან ფქვილის შემოტანის პროცესის გართულება და დაწესებული გადასახადებია.
„რუსეთიდან ფქვილის შემომტანებისთვის დროებითი გადასახადი მოქმედებდა, თავდაპირველად ეს თანხა 10 ლარი იყო, შემდეგ 12.5 ლარი გახდა. სამინისტროსთანაც არსებობდა შეთანხმება, რომ რუსეთიდან შემოტანილი ტომარა ფქვილის ფასი ჯამურად 52 ლარი იქნებოდა და ეს რიცხვი არ შეიცვლებოდა. ეს მოცემულობა არჩევანისა და მარაგის ქონის საშუალებას გვაძლევდა.
ბოლო პერიოდში კი ადგილობრივი დამზადების ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარს მნიშვნელოვნად გაცდა და თითქმის 7-8 ლარით გაძვირდა, რისი მიზეზიც რუსეთში ხორბლის ფასის მატებაა. ასევე, აიწია შემოტანის გადასახადმაც, რაც სურსათის უვნებლობის სამსახურის გამო ხდება - ჩათვალეს, რომ ხარისხის მომატება ტონა ფქვილზე 300-ლარიანი გადასახადის დაწესებით იყო შესაძლებელი. ამ მოცემულობამ რუსეთიდან ფქვილის შემოტანა სრულიად არარენტაბელური გახადა, რადგან ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი 80 ლარამდე ჯდება, საქართველოში კი პურის ფასი ძალიან დაბალია, 105 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზე ვართ. ფქვილში ასეთი თანხის გადახდა პირდაპირ წაგებაზე მუშაობაა“.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში მოყვანილი ხორბალი არაა იმ ხარისხის, რომ პურის წარმოების პროცესში მთავარი როლი ჰქონდეს.
„მართალია, საქართველოში უფრო დიდი ოდენობით ხორბალი მოვიყვანეთ, მაგრამ მისი ხარისხი არაა ისეთი, რომ წარმოების პროცესში მთავარი როლი ჰქონოდეს. ჩვენთან ფქვილი დღესდღეობით ყაზახური, რუსული და ქართული ხორბლის შერევისგან მზადდება - რუსულის წილი და მნიშვნელობა სერიოზულია და მასზე წვდომის დაკარგვა ხარისხს მკვეთრად აუარესებს, ასევე, ამ ეტაპზე მარაგების შექმნას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ზოგადად, პურის მწარმოებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მარაგი, რათა პროცესი შეუფერხებლად და ხარისხიანად წარმართოს. მაგალითად, გუშინ ვესაუბრე კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ რუსთავის წისქვილიდან, რომელიც წლებია ბაზარზეა და საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, 59 ლარად შეიძინა ტომარა ფქვილი და მისი ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა როგორც ნესტიანობით, ისე შეფერილობით - ასეთი ფქვილით ხარისხიანი პურის გამოცხობა წარმოუდგენელია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არსებული ვითარება არ შეიცვალა, პურის ხარისხი მკვეთრად გაუარესდება და ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან საქართველოში ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვაწარმოოთ ან შემოვიტანოთ ისეთი ხორბალი, რომლითაც სათანადო ხარისხის ფქვილი დაიფქვება“, - აღნიშნავს დოლიძე.