"უძრავ ქონებაზე ფასის კლება არასდროს ყოფილა და არც ამ შემთხვევაში იქნება“ - რას ამბობს გოგა მაჭავარიანი?
„სითიზენის“ დირექტორი, გოგა მაჭავარიანის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე შენელებული აქტიურობის მიუხედავად, მათი პროექტისადმი დაინტერესება არ შემცირებულა. მისი თქმით, ფასები მშენებლობის ეტაპების განვითარების პროპორციულად იზრდება და მოლოდინი აქვთ, რომ არსებული ზრდა სამომავლოდაც შენარჩუნდება.
„ბაზარზე ზოგადად კლებაა, თუმცა ჩვენი მაგალითი ცოტა განსხვავებულია. ცხოვრების გაუმჯობესება ახალი ბინის შეძენით მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ჩვენთვის ვითარება კრიზისული არ არის, არ დაგვტყობია კლება, როგორც ვყიდდით, ისე ვყიდით. ახალი პროექტში რაც წარვადგინეთ, მოლოდინი გვაქვს რომ დაინტერესება დიდი იქნება.
ჩვენთან უმეტესად ქართველები ყიდულობენ უძრავ ქონებას, თუმცა ახალ თაუერში ალბათ უფრო საერთაშორისო კუთხით იქნება ინტერესი. რაც შეეხება ფასებს, მშენებლობის განვითარების კვალდაკვალ იზრდება ღირებულება, ამიტომ მცირე ზრდა იქნება მომავალშიც. კლება არასდროს მომხდარა და არც ამ შემთხვევაში იქნება“, - განაცხადა BMG-სთან მაჭავარიანმა.
თბილისში, მარტში 3,064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. წლიურად ტრანზაქციების რაოდენობა მცირედ - 1.5%-ით შემცირდა.
Colliers Georgia-ს მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში ბაზრის ზომა 16.7%-ით, 243 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ამასთან, ტრანზაქციების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად, ძველ პროექტებში ბინების გაყიდვების შემცირებამ განაპირობა.