ავჭალა – გაუვალი ჭაობებიდან ურბანულ სივრცემდე
უძველესი გადმოცემებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე განლაგებული ჭაობებით დაფარული მიწები ადამიანებში შიშს იწვევდა. ხალხში არსებობდა რწმენა, რომ ამ ადგილებში ავი სულები ბინადრობდნენ. ამიტომაც მგზავრები ცდილობდნენ ამ მიდამოებისთვის თავი აერიდებინათ. სწორედ ამ ნიადაგზე, ეს ტერიტორია ხალხში “ავი ჭალის” სახელით იყო ცნობილი.
დღევანდელი ავჭალა თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საგურამოს ქედის მთისწინეთში მდებარეობს. იგი ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა დედაქალაქს, მანამდე კი გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელს წარმოადგენდა.
ავჭალა უძველესი დასახლებაა. ისტორიულ წყაროებში ის უკვე XI საუკუნეში მოიხსენიება. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის გადმოცემით, დიდი თურქობის დროს — XI საუკუნის 80-იან წლებში — თურქთა ჯარები ზამთარში ავჭალასა და დიღომში იდგენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, ხოლო XII-XIII საუკუნეებში კახეთის საერისთაოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
XVIII საუკუნიდან სოფელი თავად გურამიშვილების საგვარეულო მამული გახდა. გურამიშვილების სასახლე მტკვრის პირას იყო აგებული (დღევანდელი შუშის ქარხნის ტერიტორიაზე) და გალავნით იყო შემოსაზღვრული. იქვე მდებარეობდა საგვარეულო ეკლესია. სასახლემ XIX საუკუნის შუახანებამდე იარსება, ხოლო ეკლესია XX საუკუნის 50-იან წლებამდე, სანამ ბოლშევიკური ხელისუფლების დროს მასში სასაწყობე მეურნეობა მოეწყობოდა და საბოლოოდ არ დაენგრიათ.
ავჭალისკენ მიმავალი გზა XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილის შედგენილ თბილისის გეგმაზეა აღბეჭდილი. ეს გზა ავლაბრისა და ჩოღურეთს შორის გადიოდა და დედაქალაქს ჩრდილოეთ რეგიონებთან აკავშირებდა. იგი ასევე აღნიშნულია XIX საუკუნის დასაწყისში ტიხონოვის მიერ შედგენილ გეგმაზეც. მარშრუტი ორ მიმართულებად იყოფოდა: ქვემო გზა, რომელიც სოფელ დიდ ავჭალამდე მტკვრის მახლობლად მიდიოდა, და ზედა გზა, რომელიც ჩოღურეთს გასდევდა. ავჭალის გზას გალავნის ავლაბრის კართან ჰქონდა დასაწყისი — დღევანდელი მეტეხის აღმართის მიდამოებში.
ავჭალის გზა ისტორიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი იყო. XII-XIII საუკუნეებში იგი ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც სავაჭრო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. ამის დასტურია 1940 წელს რიყის ქუჩაზე აღმოჩენილი მონეტების განძი, რომელიც ჯალალ ედ-დინის დროით თარიღდება. თუმცა XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს მძიმე ისტორიულმა ბორბალმა ბევრი ძველი გზა გაანადგურა. ავჭალის გზაც თანდათან დავიწყებას მიეცა და მხოლოდ XVII საუკუნეში გამოცოცხლდა, როცა არაგვის ერისთავმა ნუგზარმა მტკვარზე ქვის ხიდის აგება დაიწყო — დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილას. ეს ფაქტი მოწმობს, რომ ავჭალის გზამ კვლავ მოიპოვა სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა.
XIX საუკუნის მიწურულს ავჭალაში მუშათა აუდიტორია დაარსდა, რომელმაც 1893 წელს თეატრალური საქმიანობა დაიწყო. თავდაპირველად აქ ქართულად გამოდიოდა მუშათა და ხელოსანთა დასი, მოგვიანებით კი რუსულ და სომხურ ენებზე წარმოდგენებიც იმართებოდა. საბჭოთა პერიოდში აუდიტორიას "პროლეტარული თეატრის" სახელი დაერქვა და 1925 წლამდე ფუნქციონირებდა.
ავჭალა ასევე მდიდარია არქეოლოგიური აღმოჩენებით. დაახლოებით ასი წლის წინ აქ აღმოჩენილ ქვას გერმანულ-ლათინური წარწერა ამშვენებდა, სადაც მითითებული იყო, რომ "ახ. წ. 75 წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ იბერთა მეფეს, ფარსმანს — კეისრის მეგობარსა და რომაელთა მოყავრულს — და მის ხალხს ეს კედლები განუმტკიცა".