თეგებით ძიება

ჭალატყის „თამარის ხიდი“ - მშენებლობის უძველესი ტექნოლოგია, რომელმაც დროს გაუძლო

თუ იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ზოვრეთის მახლობლად მდებარე სოფელ ჭალატყეს ეწვევით, მდინარე ყვირილას შესართავთან XII საუკუნის ხიდს ნახავთ, რომელსაც ზოგი „თამარის ხიდის“, ზოგი კი „ქვითკირის ხიდის“ სახელით მოიხსენიებს. 

საუკუნეებში ამ ხიდიდან იწყებოდა ქალაქი ბალიასტომი და მთავრდებოდა დღევანდელი ჩიხორის ტერიტორიაზე. ბალიასტომი ამჟამინდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭალატყეს, ზოვრეთს, ტყლაპივაკეს, ქვედა საზანოს, შიმშილაქედს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს მოიცავდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ქალაქი იმდენად მჭიდროთ იყო დასახლებული, ქალაქის დასაწყისში თხა, რომ ავიდოდა სახლის სახურავზე, ქალაქის ბოლოში ისე ჩავიდოდა მიწაზე ფეხს არ დააბიჯებდა.

ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას თამარ მეფემ თავისი ამალით გაიარა და მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადზე – ჩოლაბურზე გადასვლელი ხიდი არ დახვდა. მეფემ მაშინვე ხიდის მშენებლობის დაწყება ბრძანა. სამმალიანი ხიდის მშენებლობისას მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გამოიყენეს. არც იმას გამორიცხავენ, რომ ხიდის მშენებლობაზე წყლის ნაცვლად, თხის რძეს იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დუღაბი მტკიცე ქვად იქცა და 800 წლის ხიდი დღესაც მტკიცედ დგას. ამბობენ, რომ  ხიდის ბურჯებში ოქროა ჩატანებული, რომელიც დანგრევის შემთხვევში, ხიდის აღსადგენად უნდა გამოეყენებინათ.

40 მეტრიანი, კუზიანი ხიდის შუა მალის სიგრძე 13,8 მ-ია, დანარჩენი ორის კი 6,15 მ და 6,50 მ. ხიდის ბურჯები მომრგვალებული წყალამრიდებითაა აღჭურვილი. ხიდის შუა მალი დანარჩენ ორზე მაღალია. ხიდის ორივე ბურჯი  მომრგვალებული წყალამრიდებითაა აღჭურვილი. ხიდი ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული სხვადასხვა ჯიშის ქვით კირის ხსნარზე. ბურჯებში შემორჩენილია კოჭების ბუდეები. ნაგებობის სავალი ნაწილი შუა ადგილას ყველაზე ვიწროა და ორივე ბოლოსკენ თანაბარზომიერად განიერდება. ნაგებობის სავალი ნაწილი შუა ადგილას ყველაზე ვიწროა და ორივე ბოლოსკენ განიერდება. მდინარის ადიდებისას წყლის დარტყმის სიმძიმე კლდოვან ნაპირებე მდგარ ბურჯებზე მოდიოდა. სწორედ ამიტომაც არის აგებული თამარის ხიდი მდინარის კლდოვან ნაპირზე.

საქართველოში სულ რამდენიმე მრავალმალიანი ხიდია შემორჩენილი, შესაბამისად, თამარის ხიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია.

ხიდის პირველი რეკონსტრუქცია 1668 წელს ჩატარდა, მეორე კი 2018 წელს და ხიდი დღემდე მოქმედია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა