რა შემოსავალი აქვს საქართველოს რკინიგზას, რომლის დირექტორიც დღეს შეიცვალა
დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი შეიცვალა, ამ პოსტზე დავით ფერაძეს რომელიც კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში მართავდა, ლაშა აბაშიძე ჩაანაცვლებს, რომელიც 2016-2017 წლებში თბილისის ვიცე-მერის პოსტს იკავებდა.
საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი აქტივები 2.5 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 4.7%-ით იმატა და 657 მილიონი ლარი შეადგინა.
ამის მიუხედავად 2024 წელს შემცირდა კომპანიის მოგება და ის 67.9 მილიონი ლარი იყო, შედარებისთვის 2023 წელს კომპანიის მოგება 86.8 მილიონ ლარს შეადგენდა.
კომპანიისთვის 2024 წელს მთავარ ხარჯს მასში დასაქმებული 12 ათასამდე თანამშრომლის ხელფასი წარმოადგენდა, რაზეც 233 მილიონი ლარი დაიხარჯა. ელექტროენერგიის, საწვავისა და სახარჯი მასალების ხარჯი 86 მილიონი ლარი, სხვა ხარჯები კი 144 მილიონი ლარი იყო, ამასთან კომპანიას 62 მილიონი ლარის ცვეთის ხარჯი ჰქონდა, ფინანსური ხარჯები კი 87 მილიონი ლარი იყო. კომპანიის მთავარი ვალდებულებები 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი მწვანე ბონდებისგან შედგება, რომლის დაფარვის ვადაც 2028 წელია.