თეგებით ძიება

ვინ არის ქართველი ინჟინერი, რომლის სახელი ამერიკის ყველაზე ცნობილი ადამიანების სიაში მოხვდა?

არავინ იცის როგორ განვითარდებოდა ზალდასტანიშვილების ოჯახის ბედი რომ არა 1924 წლის აჯანყება, მაგრამ ბედმა ინება, რომ სამშობლოდან ემიგრაციაში გადახვეწილი პატარა ბიჭი მსოფლიოს  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორული კომპლექსის შემქმნელი გამხდარიყო.

დედამიწაზე ადამიანის ხელით შექმნილი სულ ორი ობიექტია, რომელიც კოსმოსიდან მოჩანს: ჩინეთის დიდი კედელი და სპარსეთის ყურეში მდებარე, XXI-ე საუკუნის”მსოფლიოს მერვე საოცრებად” შერაცხული ხელოვნური კუნძული - პალმა ჯუმეირა. ეს უკანასკნელი ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრები ქართველი ინჟინერ-მშენებელის ოთარ ზალდასტანიშვილის ბრწყინვალე გონების შედეგია, თუმცა სავარაუდოდ, მისი ემიგრანტობის გამო,  არქიტუქტურული კომპლექსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში დამპროექტებლის, სახელი მითითებული არაა... 

ოთარ ზალდასტანიშვილი თელავში, პოლკოვნიკ სოლომონ  (სოლიკო) ზალდასტანიშვილისა და მარი ხირსელის ოჯახში დაიბადა. 1924 წლის აჯანყების დამარცხებისთანავე სოლომონ ზალდასტანიშვილმა, რომელიც იმ დროს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (დამკომი) და მასთან შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ მეთაურის თანაშემწე იყო, საქართველო დატოვა. მოგვიანებით, მარიამ ხირსელმა ორ შვილთან -5 წლის გივისთან და 2 წლის ოთართან ერთად მეუღლეს პარიზში ჩააკითხა. 

მშობლებმა გივი და ოთარი ქართული ტრადიციით აღზარდეს და შესანიშნავი განათლებაც მისცეს. 1945 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა პარიზის გზებისა და ხიდების სამშენებლო ინსტიტუტიტი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა სორბონის უნივერსიტეტში გააგრძელა. რაღაც პერიოდის შემდეგ ოთარ ზალდასტანიშვილი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და 1946 წლიდან მუშაობა ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო. 1947–1950 წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის  აეროდინამიკაში ლექციებს კითხულობდა და უამრავი თეორიული ნაშრომის ავტორი იყო.

ოთარ ზალდასტანიშვილი 1948 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა ფირმაში "Nichols & Norton". 1952 წლიდან იყო სამშენებლო კორპორაცია "Nichols, Norton & Zaldastani"-ის პარტნიორი, 1964–1989 წლებში ბოსტონში "Zaldastani Association"-ის პრეზიდენტი, ხოლო 1989–1997 წლებში თავმჯდომარე. პარალელურად, 1961 წლიდან ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნვერსიტეტში სამშენებლო მექანიკაში. იმავდროულად მიიწვიეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში წყალქვეშა გემების დინამიკის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებზე. 

მოგვიანებით, ოთარ ზალდასტანიშვილი სამუშაოდ მეორე ქართველმა ემირანტმა, საბრძოლო თვითმფრინავების ავიაკონსტრუქტორმა, ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილი) მიიწვია. ოთარ ზალდასტანიშვილის ავტორობით და მონაწილეობით აშენებულია 1000-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი (მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთსა და საფრანგეთში. სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, ბოსტონის აეროპორტი, ბოსტონის ერთ-ერთი მთავარი მოედანი და სტადიონი და საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადის მახლობლად არქიტუქტურული კომპლექსი "პალმა ჯუმეირა". „პალმა ჯუმეირა“ ზალდასტანიშვილის მიერ დამუშავებული, ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნის პრინციპზე დგას. ქართველმა არქიტექტორმა უნიკალური კონსტრუქცია ისე დააპროექტა, რომ ხელოვნური კუნძული ზღვის დინებას არ წაეღო და გამოერეცხა. 

"პალმა ჯუმეირა" 17 ტოტიან პალმის ხეს ქმნის, რომლის ტანი 2 კმ-ის სიგრძისაა, სიგანე კი 450 მ. არქიპელაგზე უმაღლესი დონის 7 სასტუმრო, უამრავი მაღაზია და საცხოვრებელ სახლია. აქ ნახავთ იახტკლუბსა და  ორ დიდ ნავსადგურს, წყალქვეშა  პარკებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, სპორტულ კლუბებს, კინოთეატრებს და ა.შ. 

პალმას ტანსა და ვარჯზე 60 სასტუმრო, 4000 ვილა და კოტეჯი, ასევე 5000-მდე აპარტამენტია. აქ უძრავი ქონების ღირებულება 1-დან 7 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ეს ერთადერთი ადგილია დუბაის მახლობლად, სადაც არამუსლიმს მიწის შეძენის უფლება აქვს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ვიქტორ ბეკჰემმა პალმა ჯუმეირაზე მდებარე ვილაში 12 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.  აქვე მდებარეობს კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერისა და სხვა ცნობილი ადამიანების სახლები. 

კუნძული ხელოვნურად ქვიშისა და ქვების საშუალებით  შეიქმნა და მის მშენებლობაზე 100 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა და ქვა დაიხარჯა, თავად პროექტი კი 12 მილიარდი დოლარი დაჯდა. 

როგორ განვითარდა ზალდასტანიშვილების ოჯახის წევრების ბედი? ინჟინრის მამა, სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაში იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს „ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების“ გამგეობის წევრი, ასევე პარტიის გამომცემლობა „საქართველოს“ რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

სოლომონ ზალდასტანიშვილი - ვიკიპედია

1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი მოხალისეთა რაზმში „თამარ მეორე“ ჩაეწერა  და მისი მეთაური გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. დაკრძალულია რუმინეთში, ქალაქ ბრაშოვის სასაფლაოზე ( კრონშტანდტი).

ოთარ ზალდასტანიშვილის ძმამ, გივი ზალდასტანიშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და 1951 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. წლების განმავლობაში ის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრიც კი იყო და ამასთან, წარმატებული ბიზნესმენიც გახდა. 2002 წელს გივი ზალდასტანიშვილმა ამერიკელ პედაგოგ დონალდ თომასთან ერთად თბილისში ამერიკული აკადემია - ზოგადსაგანმანათლებლოო სკოლა  დააარსა. გივი ზალდასტანიშვილი 2007 წელს, თბილისში გარდაიცვალა.

ოთარ ზალდასტანიშვილი | Iberiana - იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

რაც შეეხება ოთარ ზალდასტანიშვილს, დუბაის კუნძულები მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო, რომლის დაპრექტებიდან რამდენიმე წელში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 2005 წელს, 83 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

ის ამერიკაში, ბოსტონში დაასაფლავეს. ქართველი მშენებლის სახელი შეტანილია ამერიკის საცნობარო ხასიათის წიგნში „ვინ ვინ არის“, რომელშიც ამერიკის ყველაზე ცნობილი ადამიანების სახელები შევიდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა