თეგებით ძიება

„რიყის დოქები“ სასტუმროდ გადაკეთდება - შესაძლოა, არსებული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს

„რიყის დოქების“ სასტუმროდ გადაკეთება იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის 6 მაისის განკარგულებიდან, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „რიყე დომს“ შორის 2022 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ადგილზე სასტუმროს შექმნა შესაძლოა, მოიცავდეს მათ შორის სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებასაც.

დოკუმენტის თანახმად, „რიყე დომს“ ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უფლება ექნება მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს სამხარაულის მიერ დადგენილ დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებას წარადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს „რიყის დოქების“ ადგილას სასტუმროს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება. საპრივატიზაციო პირობებით, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 44 მილიონი ლარით, ვადა კი 10 წლით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა. თუმცა 2022 წლის დეკემბერშივე ხიდაშელმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა 2025 წლის მაისამდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.

2025 წლის 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა. სამეწარმეო რეესტრში „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“ არის, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს „ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა