მტკვარზე კიდევ ორი "ქვიშხეთი ჰესი 1" და "ქვიშხეთი ჰესი 2" აშენდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე კიდევ ორი ჰიდროელექტროსადგურის - "ქვიშხეთი ჰესი 1"-ის და "ქვიშხეთი ჰესი 2"-ის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი სკოპინგის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. პროექტს შპს "ენ-სი 2022" ახორციელებს.
ორივე ჰესი კალაპოტური ჰესების კატეგორიას განეკუთვნება და თითოეულის საპროექტო დადგმული სიმძლავრე 14.5 მეგავატ საათია. სადგურების წლიური გამომუშავება 55-55 მილიონი კილოვატ საათი იქნება. ორივე ჰესს ექნება თევზსავალი.
"პროექტის მიხედვით, ქვიშხეთი ჰესის პირველი საფეხურის ქვიშხეთი 1-ის ზედა ბიეფში შექმნილი წყალსაცავის ნორმალური შეტბორვის დონეზე (711 მ ზღვის დონიდან) წყლის სარკის ზედაპირის ფართობი იქნება 32 ჰა, ქვიშხეთი 2-ის შემთხვევაში (698 მ ზღვის დონიდან) შეადგენს 34 ჰა-ს,"- ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ამასთან, კომპანია „ენ-სი 2022“ მდინარე მტკვარზე კიდევ ექვსი ჰესის მშენებლობას გეგმავს:
ურბნისი ჰესი - 19.3 მეგავატის სიმძლავრის;
გრაკალი ჰესი - 17 მეგავატის სიმძლავრის;
ოსიაური ჰესი - 14.2 მეგავატის სიმძლავრის;
კასპი ჰესი - 22.4 მეგავატის სიმძლავრის;
ქსანი ჰესი 1 - 18.3 მეგავატის სიმძლავრის;
ქსანი ჰესი 2 - 19.4 მეგავატის სიმძლავრის.
შესაბამისად, როგორც ურბნისი ჰესის, ასევე დანარჩენი ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 138.5 მეგავატი იქნება.