თეგებით ძიება

"ოქრო, ნავთობი და უძრავი ქონება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია" - აპრილში, ბათუმში ბინების ფასმა თბილისისას გადააჭარბა

„ბათუმში საკმაოდ აქტიური მშენებლობებია, ქალაქი საინტერესოა სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისთვის“, - ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის ზრდა ფიქსირდება. მაგალითისთვის, „ქოლიერსის“ მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო შეწონილი ფასი აპრილშიც გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 1 206 დოლარს მიაღწია, ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე თვეში 1 074 დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კვლევის მიხედვით, საშუალო შეწონილი ფასი ბათუმში უფრო მაღალი იყო ვიდრე თბილისში. უფრო კონკრეტულად, თბილისში 1 კვ.მ-ის ფასი წელს აპრილში 1 168 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 094 დოლარი.

მებაღიშვილმა ისაუბრა ბათუმში ფასების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ზღვისპირა ქალაქში გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული ფასები შენარჩუნდეს და თბილისის ფასებს გადააჭარბოს.

„არ არის გამორიცხული... ყველაფერი დასაშვებია, თუმცა წინასწარ პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ხშირად მესმის, ეთერებში როგორც საუბრობენ ჩემი პროფესიის წარმომადგენლები პროგნოზებზე, რომელიც არის საკმაოდ აცდენილი, თავს აპოზიციონირებენ როგორც უძრავი ქონების ექსპერტები, სპეციალისტები და სამწუხაროდ, მათი საუბრები ცუდ ფონს ქმნის ხოლმე ბაზარზე და შემდეგ დეველოპერს უწევს იმის წარმოჩენა, რომ ისე უბედურ დღეში არ ვართ, როგორც ამას აჟღერებენ ხოლმე.

ზოგადად, ოქრო, ნავთობი და უძრავი ქონება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რაშიც შეიძლება დააბანდო შენი ქონება, შესაბამისად, უძრავი ქონება ყოველთვის საინტერესოა მომხმარებლისთვის. მაგრამ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ეს დაბანდება უნდა იყოს გონივრული. ვნახეთ, მაგალითად [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ] როგორც მოიხიბლნენ მომხმარებლები, ძვირად ქირავდებოდა ბინები, შეიძინეს უძრავი ქონება, გაუჭირდათ ამ ბინების გაქირავება და მოლოდინები არ გაუმართლდათ. ამიტომ საჭირო არის დაფიქრება“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა