750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ - როდიდან შევა ძალაში გადაწყვეტილება?
2025 წლის 1-ლი აგვისტოდან მოქალაქეთა ნაწილისთვის სესხის აღებისას, ცვლილებები ამოქმედდება.
ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში 1-ლი აგვისტოდან?
კერძოდ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. შესაბამისად, ამ მოცულობის სესხს ეს ადამიანები აგვისტოდან, უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.