თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი გაიზარდა, ქირა გაიაფდა - „გალტ ენდ თაგარტი“
2025 წლის აპრილში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი წლიურად 4.23%-ით გაიზარდა, ხოლო ქირა 4.04%-ით გაიაფდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
კონკრეტულად, გასული წლის აპრილში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 1 278 აშშ დოლარს შეადგენდა, წელს კი 1 332 დოლარი გახლავთ.
რაც შეეხება კვადრატული მეტრი ქირის ფასს, ის გასულ წელს 9.9 დოლარი იყო, წელს კი 9.5 დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის თვეში ჯამურად 3 252 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წლიურად 0.93%-იანი ზრდაა. გაყიდულ საცხოვრებელ უძრავ ქონებათაგან 1 693 პირველადია, ხოლო 1 559 მეორადი.
„2025 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 252 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას სრულად რეალურ დროში აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით, არ შეცვლილა, ხოლო წლიურად 12.2%-ით შემცირდა.
პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 17.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით“, - ხაზგასმულია „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიზში.