"რუსი იმიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად, გაქრა ბაზარზე, დატოვა მნიშვნელოვნად გაძვირებული ფასები" - გიორგი ხიშტოვანი
"წელს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სავარაუდოდ, ეს ტრენდი წლის ბოლომდე გაგრძელდება", - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, რომელიც ბაზრის კვლევას ეფუძნება, რუსი იმიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად, გაქრა ბაზარზე, მაგრამ ამან უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად გაძვირებული ფასები დატოვა.
გიორგი ხიშტოვანმა უძრავი ქონების ბაზარი 2025 წლის იანვარი-აპრილის შედეგებზე დაყრდნობით მიმოიხილა,
"კოლიერსის მიხედვით, მთლიანი ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-აპრილში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5,6%-ით (დაახლოებით 740-ით ნაკლები ტრანზაქცია). ამავდროულად, ბაზრის ზომა არის გაზრდილი 5,9%-ით (933 მილიონ დოლარამდე). საინტერესოა, რომ გალტ-ის მიხედვით, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია 1,6%-ით, ხოლო ბაზრის ზომა ოთხ თვეში შემცირებულია 0,6%-ით.
ამავე დროს, სისტემური დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (გამოკითხვა, რომელსაც გალტი ატარებს დეველოპერებთან), აპრილში გაყიდვები წინა წლის აპრილთან შედარებით შემცირებულია 34,1%-ით; ხოლო 4 თვის ჭრილში, კლება არის 13,5%.
გაყიდვების სტრუქტურა, გაყიდვების ფასები და სამშენებლო ნებართვები:
პირველ ოთხ თვეში, გაყიდვების 11% მოდის ისრაელის მოქალაქეებზე; 2024-ში ეს მაჩვენებელი 10% იყო; რუსეთის მოქალაქეების წილი დასულია 1%-მდე. (მაგ. 2023-ის ოთხ თვეში, ეს მაჩვენებელი 6% იყო); გაყიდვების 78% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.
გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 2025 წლის პირველ 4 თვეში წინა წლის 4 თვესთან შედარებით შემცირებულია 15%-ით.
ერთი კვადრატული მეტრის ფასი ახალ პროექტებში, აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით გაზრდილია 3,4%-ით; ამავე დროს, ძველ ბინებზე ფასები შემცირებულია.