თეგებით ძიება

დღეიდან ახალი ვიზუალის პასპორტებისა და პირადობების აღებას შეძლებთ - როგორი იქნება დიზაინი

საქართველოში დღეიდან განახლებული დიზაინის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა იწყება.

იუსტიციის მინისტრმა შესაბამისი ბრძანდება მიმდინარე წლის 10 მარტს გამოსცა. ამ ბრძანების მიხედვით განახლებულ დიზაინზე დატანილი იქნება სრული სახითა და ერთ ფერში საქართველოს სახელმწიფო გერბი. გარდა ამისა, დოკუმენტებზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა.

განახლებულ დიზაინზე ფონური გამოსახულება ისე იქნება განლაგებული, რომ გაყალბების მიზნისთვის, მისი ობიექტებად დანაწილება იქნება რთული.

როგორი იქნება განახლებული პირადობები

ამასთან, განახლებულ დოკუმენტზე დატანილი იქნება: სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ადგილი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი, პირადი ხელმოწერის ნიმუში, მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

„გარდა ამისა, დოკუმენტებზე დატანილ იქნება ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი, შესაბამისი დახურული გასაღები და სერტიფიკატის გამცემი ორგანო; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემი ორგანო; მოწმობის წვდომის კოდი (CAN – Card Access Number); QR კოდი, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია“, - აღნიშნულია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.

ცნობისთვის, 2025 წლის 4-ივნისამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.

დღეიდან იწყება განახლებული დიზაინის პასპორტების გაცემა

გარდა აღნიშნული დოკუმენტებისა, დღეიდან იწყება განახლებული ვიზუალის მქონე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის გაცემა. თუმცა, 4 ივნისამდე გაცემული დოკუმენტები ვადის გასვლამდე კვლავ ძალაში იქნება.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, განახლებული დიზაინის პასპორტის ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა და 1 ორგვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი). აქვე შეგახსენებთ, რომ ძველი დიზაინის პასპორტი 48-გვერდიანია.

აღსანიშნავია, რომ პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას, მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენების მიმართ.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი და ა.შ.

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად ;

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა