"კონტროლიორი უფლებამოსილია, მაიდენტიფიცირებელი საბუთი მოგთხოვოთ“ - რა წესები უნდა დაიცვათ რომ არ დაჯარიმდეთ?
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს კანონით დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
სააგენტო განმარტავს, თუ რა წესები უნდა დაიცვან მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში, თუ არ სურთ რომ დაჯარიმდნენ.
რა წესები უნდა დაიცვათ ტრანსპორტში რომ არ დაჯარიმდეთ
„დედაქალაქში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და გადახდის ერთიან სისტემაშია ჩართული. მათ შორისაა, მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და „უნივერსიტეტი-ბაგების” დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის საფასური გადაიხადოს მგზავრობის დაწყებისთანავე. გადახდის აპარატები მოთავსებულია ავტობუსის ყველა კართან, გადახდა კი ხორციელდება ელექტრონულად - ვადიანი სამგზავრო აბონემენტით, მეტრომანით და საბანკო ბარათით, მათ შორის, ელექტრონული მოწყობილობით.
ინტეგრირებული სისტემა ითვალისწინებს 90-წუთიან საშეღავათო პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ტრანსპორტში გადაჯდომის შემთხვევაში, გადახდის იმავე საშუალებით გადახდისას ისარგებლებთ ნულოვანი ტარიფით. უფასო მგზავრობის მიუხედავად, მგზავრს აქვს ბარათის დაფიქსირების ვალდებულება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოწოდების თანახმად, ბილეთის შეძენის ვალდებულება აქვს ყველას, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მხრიდან დაწესებული გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქე უბილეთო მგზავრად მიიჩნევა და დაეკისრება კანონით გათვალისწინებული ჯარიმა.
სააგენტოს განმარტებით, იგივე წესი მოქმედებს 16 წელს მიღწეული პირის შემთხვევაშიც.
„კანონმდებლობის თანახმად, კონტროლიორი უფლებამოსილია, ბილეთის, და საჭიროების შემთხვევაში, პიროვნების მაიდენტიფიცირებელი საბუთის წარდგენა მოგთხოვოთ, როგორც ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას, ისე მგზავრობის დროს,“ - განმარტებულია ინფორმაციაში.