წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 2.988 მლნ ლარად იყიდება
წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 2.988 მლნ ლარად იყიდება. ამის შესახებ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონიდან ხდება ცნობილი.
კერძოდ, საუბარია, წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე 50 062 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული ორ შენობა-ნაგებობაზე.
ამასთან სახელშეკრულებო პირობებში მითითებულია, რომ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი უნდა მოხდეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების თანხმობით.
გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების აღწერაში მითითებულია, რომ საპრივატიზებო ობიექტზე გადის შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების მილი;
ასევე, დაურეგისტრირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, შესაბამისად, მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით;
გარდა ამისა, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 1855.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება (ორი პირის თანხმობის შედეგად ქონების დატვირთვა გარკვეული უფლებებით).
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, აღნიშნულ ქონებაზე აუქციონს 19 ივნისს დაასრულებს.