4 თვეში თბილისში 941 მლნ დოლარის ბინები გაიყიდა
„2025 წლის აპრილში გაყიდვები გასული თვის ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა წინა წლის მაღალი ბაზის შედეგად წლიურად გაყიდული ბინების რაოდენობა 34.1%-ით, ხოლო გაყიდული ბინების ფართობი 25.4%-ით შემცირდა,“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ჯამში, 2025 წლის 4 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.5%-ით შემცირდა.
„კლების მიზეზი ბაზარზე არსებული გაუარესებული სენტიმენტებია, რაც მყიდველებს მოთხოვნის გადავადებისკენ უბიძგებს. პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 80% უკვე გაყიდულია. ამასთან, გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი გაყიდვებში და 2025 წლის 4 თვეში ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა. ეს ტენდენცია დიდწილად განპირობებულია თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობით,“ - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2025 წლის 4 თვეში, თბილისში სულ 12 540 ბინა (-1.2% წ/წ) გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 941 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-0.7% წ/წ).
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა 2025 წლის მაისში, ჩაატარეს 20 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 90-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ს).