თბილისის ბიუჯეტი 62 მილიონით, 2.27 მილიარდამდე იზრდება
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 62.5 მილიონი ლარით იზრდება და ის 2.27 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამის პროექტს თბილისის საკრებულო უკვე განიხილავს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაზრდილი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება.
ეს 2025 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტის გაზრდის უკვე მეორე შემთხვევაა, რადგანაც მიმდინარე წლის იანვარში საკრებულომ ბიუჯეტის 180 მილიონი ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი.
"გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც მთავარია გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, ბევრი კარგი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებზეც ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.