თეგებით ძიება

თბილისში, მხოლოდ ერთ თვეში 3 437 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - როგორ შეიცვალა ახალი და ძველი ბინების ფასი

მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3 437 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.2%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ ირკვევა „ქოლიერსის“ კვლევიდან.

მათივე ცნობით, ტრანზაქციებთან ერთად, გაზრდილია ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 134 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1 022 დოლარს უტოლდებოდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, დედაქალაქში მაისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 9.5%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში - 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი მატება დაფიქსირდა.

„2025 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია.

მაისში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა.

ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.)

ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ განახლებულ კვლევაში.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, მაისში 21%-ით გაიზარდა და 261 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა