თეგებით ძიება

წლის 5 თვეში ბათუმის გარეუბნებში ბინები 15%-ით გაძვირდა - "თიბისი კაპიტალი"

“თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსის ირინა კვახაძის განცხადებით, წლის პირველ 5 თვეში ბათუმში უძრავი ქონების ფასი 15%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საანგარიშო პერიოდში თბილისში ზრდა მხოლოდ 5% იყო.

როგორც კვახაძემ „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ზრდა უმეტესად გარეუბნებში დაფიქსირდა, რაც დეველოპმენტის პერიფერიულ ნაწილში განვითარებაზე მიანიშნებს.

„ბათუმის უძრავ ქონებაში თბილისთან შედარებით განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეს განსხვავება ეხება იმას რომ ტრანზაქციები გაზრდილია, თუმცა ფასი უფრო მეტად. თუკი თბილისში ფასი 5%-იან ზრდას აჩვენებს, ბათუმში ეს 15%-ს აღწევს რაც საყურადღებოა. მეორე მხრივ თუ შევხედავთ, როგორ არის ფასის ზრდა გადანაწილებული უბნების მიხედვით, ვნახავთ, რომ ფასები გაზრდილია არა პირველ ზოლში, სადაც 0%-ია ზრდა, არამედ პერიფერიულ ნაწილში და გარეუბნებში სადაც 10-20%-იანი ზრდაც კია. ეს მანიშნებელია იმის, რომ პირველი ზოლის გარდა, განვითარება გადავიდა გარეუბნებში სადაც სხვა ტიპის მიწოდება შემოვიდა. ეს არის ერთი მთავარი ტენდენცია რაც წელს შეინიშნება,“ - განაცხადა ირინა კვახაძემ.

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რისკების შეფასებისას საინვესტიციო ბანკი ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტს გამოყოფს და ამბობს, რომ მას მოკლე ვადაში მას ნეგატიური ეფექტი ექნება, თუმცა გრძელ ვადაში შესაძლოა როგორც გასაქირავებელი, ისე გასაყიდი უძრავი ქონების სტიმულირება გამოიწვიოს.

„როცა უძრავ ქონებაზე და ტურიზმზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესია გარემო და გეოპოლიტიკა. ისრაელი, არაბეთის ქვეყნები მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენთვის როგორც ტურიზმისთვის, ისე უძრავი ქონებისთვის და ეს კონფლიქტი ცხადია იქონიებს გავლენას.

ტურიზმზე პოზიტიური გავლენა ვერ ექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები. ფრენები გაჩერებულია ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, აქედან საქართველო ტურისტული შემოსავლების 18%-ს იღებს, ამიტომ მით უმეტეს ზაფხულში ეს მძიმე დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს.

უძრავ ქონებაში ისრაელის წილი მაღალია, ზოგიერთი კომპანიის პორტფელში 15-20% მოდის მათზე. არ ვფიქრობთ, რომ გრძელ ვადაში გავლენას იქონიებს, თუმცა მოკლე ვადაში ტრანზაქციები ამ ბაზრიდან შეჩერდება.

ამ ეტაპზე ფასის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით, თუმცა თუკი სტრუქტურულად შეიცვლება მომხმარებლები, მაშინ ეს ფასზე აისახება. 2025-ში ჩვენი პროგნოზი არ არის კლების, თუმცა ბევრი დათქმაა ამის უკან და მთავარია ის, თუ რა მოხდება ჩვენს გარშემო. მათ შორის ირანიდან მიგრანტების საკითხიც ჩნდება, რომლის შეფასება ჯერ რთულია. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მათი მიღება გაქირავების ბაზარზე გარკვეულ დაწოლას მოახდენს და შესაძლოა ეს დაეხმაროს როგორც გაყიდვებს, ისე გაქირავებებს,“ - განაცხადა კვახაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა